მოსამართლე გალუსტაშვილი რეჟიმს დაემორჩილა - ელენე დევიძე
მათე დევიძის 4 წლითა და 6 თვის ვადით ციხეში გაშვების ფაქტი მოულოდნელი მისი დისთვის არ ყოფილა. როგორც ელენე დევიძე "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, ელოდებოდა კიდევაც, რომ "ოცნება" "არ დანებდებოდა" და "მოსამართლე რეჟიმს დაემორჩილებოდა".
"მათეს განაჩენის გამოტანით არაფერი მორჩება. ჩვენ არ გავჩერდებით, არ დავნებდებით და ვერ შეგვაშინებენ. ბოლომდე დავამტკიცებთ, რომ მათე მართალია" - ამბობს ელენე დევიძე.
სიმართლე გითხრათ, ველოდით კიდეც, რომ რეჟიმი არ დანებდებოდა და მსგავსი დასასრული წარმოდგენილი გვქონდა, მაგრამ ბოლომდე ვიტოვებდით იმედს, რომ მოსამართლე ტვინს იხმარდა, რაღაცას შეცვლიდა და კარგისკენ წაიყვანდა თავის საქმესაც, მათესაც და ქვეყანასაც. ეს ძალიან სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ასე არ მოხდა. მოსამართლე დაემორჩილა ისევ რეჟიმს. ცდილობენ, რომ უფსკრულისკენ წაგვიყვანონ, საითაც ამდენი ხანია მივყავართ. მათეს განაჩენის გამოტანა არაფერს წყვეტს, არაფერი მორჩება ამით. ეს ძალიან კარგად უნდა გაიგონ გალუსტაშვილმაც და სხვებმაც. ჩვენ არ გავჩერდებით, არ დავნებდებით, ვერ შეგვაშინებენ. ბოლომდე დავამტკიცებთ, რომ მათე მართალია". - განაცხადა ელენე დევიძემ.
21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
სინდისის პატიმარი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მან თქვა, რომ "გადაწყვეტილების მოსმენა არ შეუძლია" და სხდომა დატოვა.
განაჩენს სასამართლოს დარბაზსა და ეზოში შეკრებილები ხმაურით შეხვდნენ.
ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.