ჭავჭავაძის გამზირზე კარვები გაშალეს - მოქალაქეების ღამის გათენებისთვის ემზადებიან
ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეებმა კარვები გაშალეს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე პუფებიც მიტანილია. პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეების ღამის გათენებისთვის ემზადებიან.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებულები, რომლებიც თავდაპირველად, პროტესტის რეჟიმში გადასულ მოქალაქეებს კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევდნენ.
პროტესტის ტალღამ ჭავჭავაძის გამზირი მას შემდეგ მოიცვა, რაც 21 წლის მათე დევიძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ადგილზე შეკრებილი სტუდენტები "პირველებთან" ამბობენ, რომ "ბიძინა ივანიშვილს ახალგაზრდებთან ბრძოლა არ გაუვა".
ახალგაზრდებთან ბრძოლა ბიძინა ივანიშვილს არ გაუვა. პროცესი კი არ მიიწურა, ახლა იწყება ახლიდან. ხედავთ, ახალგაზრდები როგორი მოტივაციით არიან." - ამბობს აქტივისტი.
21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
სინდისის პატიმარი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მან თქვა, რომ "გადაწყვეტილების მოსმენა არ შეუძლია" და სხდომა დატოვა.
ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.