გამოდით! რეჟიმის ტყვეები ჩვენს იმედზე არიან - სტუდენტების საგანგებო განცხადება

12.06.25 22:13
გამოდით! რეჟიმის ტყვეები ჩვენს იმედზე არიან - სტუდენტების საგანგებო განცხადება

ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილმა სტუდენტებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს - ახალგაზრდებმა მათე დევიძის "უკანონო" პატიმრობა კიდევ ერთხელ დაგმეს და "ქართულ ოცნებას" გამარჯვებამდე ბრძოლა დაუანონსეს. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებმა ქართული საზოგადოების თითოეულ წევრს ქუჩაში გამოსვლისკენ და სინდისის პატიმრებისთვის, ქვეყნის ნათელი მომავლისთვის ბრძოლისკენ მოუწოდეს.

ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში უამრავი უსამართლობა გადავიტანეთ და დღეს "ქართულმა ოცნებამ" მათე დევიძე პატიმრობაში გაუშვა და 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა. პირველ რიგში, ეს იყო მთავარი მუხტი, რის გამოც ჩვენ სასამართლოს ეზოდან გამოვედით და გადავინაცვლეთ იმ ადგილას, სადაც თავის დროზე მათე დევიძე დააკავეს პოლიციელებმა. მათე დევიძე არის ქართველი ახალგაზრდების, მოქალაქეების სახე. "ქართული ოცნება" ახალგაზრდებს ასე ებრძვის და ასე უსამართლოდ ციხეში უშვებს, უკანონოდ 4 წლით და 6 თვით. ჩვენ რეჟიმის ყველა ტყვეს უნდა დავპირდეთ, რომ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. რეჟიმის ტყვეები არიან ჩვენს იმედზე, ჩვენი იმედით ცოცხლობენ, ამიტომ უნდა დავუმტკიცოთ მათ, რომ ჩვენ მათი გათავისუფლებისთვის, საქართველოს გათავისუფლებისთვის ვიბრძოლებთ.

ყველას მოგიწოდებთ, გამოდით, გამოდით კიდევ ერთხელ. ჩვენ "ქართულ ოცნებას" უნდა ვაჩვენოთ ძალა, უნდა ვაჩვენოთ ერთმანეთს ერთიანობა, ჩვენ დაუღალავი შრომა. ამ შრომის შედეგი აუცილებლად იქნება გამარჯვება. ყველა ახალგაზრდას, ყველა მოქალაქეებს მოგიწოდებთ, გამოვდივართ სახლებიდან, ბარებიდან, უნდა გადავდოთ ყველაფერი გვერდზე და მოვიდეთ თსუ-სთან. დღეს თსუ არის პროტესტის ადგილი. ყველას გელოდებით აქ. მხოლოდ მაშინ მივაღწევთ გამარჯვებას, თუ ძალიან ბევრი ვიქნებით. მოგიწოდებთ ყველას გამოსვლისკენ. უნდა ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის, მათე დევიძისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის". - განაცხადა მოქალაქემ. 

შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეებმა კარვები გაშალეს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე პუფებიც მიტანილია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებულები, რომლებიც თავდაპირველად, პროტესტის რეჟიმში გადასულ მოქალაქეებს კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევდნენ. პროტესტის ტალღამ ჭავჭავაძის გამზირი მას შემდეგ მოიცვა, რაც 21 წლის მათე დევიძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები