ძმებმა ჭოხონელიძეებმა და ზუკა ხუციშვილმა პროტესტის ფონზე იმღერეს - მომღერლებმა თხოვნის მიუხედავად მათე დევიძის სახელი არ ახსენეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში ძმებმა ჭოხონელიძეებმა და ზუკა ხუციშვილმა კონცერტი პროტესტის ფონზე გამართეს.
მომღერლებს ადგილზე შეკრებილთა ნაწილი სთხოვდა, რომ მათე დევიძისათვის 4 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთაზე კომენტარი გაეკეთებინათ, თუმცა მათ დამსწრე საზოგადოების თხოვნა არ გაითვალისწინეს.
"ჩემი მეგობარი დაიჭირეს, ოთხ წელიწად-ნახევრით ჩასვეს. გთხოვთ, ერთი სიტყვა თქვით" - მიმართავდა სინდისის პატიმრის მხარდამჭერი ძმებ ჭოხონელიძეებს.
ფაქტმა, რომ მომღერლებმა მოქალაქეების თხოვნა დააიგნორეს და ღონისძიება ჩვეულ რეჟიმში განაგრძეს, შეკრებილთა ნაწილში გაღიზიანება გამოიწვია. "სირცხვილია" - სკანდირებდნენ თსუ-ს მეორე ეზოში მყოფი ადამიანები.
შეგახსენებთ, 21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. სინდისის პატიმარი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მან თქვა, რომ "გადაწყვეტილების მოსმენა არ შეუძლია" და სხდომა დატოვა. განაჩენს სასამართლოს დარბაზსა და ეზოში შეკრებილები ხმაურით შეხვდნენ.
ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.