ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ
კოალიცია “ცვლილებისთვის “ლიდერი, ნიკა გვარამია, რომელიც რუსთავის ციხისკენ მიემართება, სოციალურ ქსელში კიდევ ერთ გზავნილს აქვეყნებს.
არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა!
ოლიგარქია უნდა დაემხოს!
დიდება საქართველოს!,-წერს ის.
ცოტა ხნის წინ, სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.
სხდომას არ ესწრებოდა ნიკა გვარამია. როგორც ცნობილია, ის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებისკენ მიემართება.
ცნობისთვის, თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, რომელსაც ვადა 7 ივნისს ამოეწურა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გირაო არ გადაიხადა.