გაშიშვლების პრაქტიკა ციხეებში, რომელსაც სახელმწიფო უარყოფდა, დადასტურდა-მესამე სექტორი
იძულებითი გაშიშვლების პრაქტიკა ციხეებში- მესამე სექტორის შეფასებით, ის რასაც სახელმწიფო ყოველთვის უარყოფდა, დღეს სასახლხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადებით, ყველაფერი დადასტურდა, რაზედაც პატიმრები მიუთითებდნენ.
არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სახალხო დამცველს მოუწოდებენ, მათ მიერ მომზადებულ ანგარიშებს გაეცნოს, სადაც მათი თქმით, კარგად ჩანს, პატიმრების ოჯახის წევრები, როგორ ღიად საუბრობენ დაკავებულების უფლებების დარღვევაზე.
ამის პრაქტიკა არსებობს და ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ასევე, საუბრობდნენ, განსაკუთრებით აქციების დროს დაკავებული პირები და ამაზე ხელისუფლებას პასუხი ჰქონდა, რომ ასეთ პრაქტიკას ადგილი არ აქვს. სინამდვილეში ეს არის ზუსტად არაადამიანური მოპყრობის და შეურაცხყოფის ფაქტები, რომელიც უნდა ყოფილიყო გამოძიებული. ის, რაც მეთოდებსაც იყენებს ხელისუფლება პატიმრების მიმართ, ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა, ჩვენი კანონმდებლობის დარღვევა და ჩვენ გვაქვს საქართველოში წამება და წამებას იყენებენ კონკრეტული ადამიანები და პოლიციელები, რომლებიც ამას თუ არ გააკეთებენ, ამის პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ არ იყოს. სახალხო დამცველმა უნდა შეხედოს ჩვენს ანგარიშებს, რაზე ვსაუბრობთ ჩვენ, დაკავებული ადამიანების ოჯახის წევრები, რომლებიც ცხადად ამბობენ, რომ მათი ოჯახის წევრების უფლებები ირღვევა და ჩვენ ანგარიშებში ეს ინფორმაცია მრავლად გვაქვს,- ამბობს ეკა გიგაური.
დაკავებულების სრულად გაშიშვლების პრაქტიკა, რომელიც არსებობდა და ამაზე საუბრობდნენ დაკავებულები, რომელსაც სახელმწიფო ყოველთვის უარყოფდა, ფაქტობრივად დადასტურდა. კანონმდებლობას ბუნდოვანი ჩანაწერები ჰქონდა, რომელიც ამის შესაძლებლობას უშვებდა და სრულიად არაკონსტიტუციური და გაუმართლებელი პრაქტიკაა, მეორე არის, რომ, როდესაც ამას ბოროტად იყენებენ შესაბამისი ორგანოები, შესაძლოა, სწორედაც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. ეს გადაწყვეტილება სწორედ იმაზეა მიმანიშნებელი, რომ კანონი ამის შესაძლებლობას იძლეოდა, -აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.
იუსტიციის სამინისტრო პატიმრების იძულებითი გაშიშვლების პრაქტიკას ადასტურებს - სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე პაატა სალიას უწყებამ დებულებაში ცვლილება შეიტანა.
- კერძოდ, იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს, რომ სადავო ნორმების შესაბამისად, სრული შემოწმებისას, ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებული იყო, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაეხადა ან გაეშიშვლებინა სხეულის შესაბამისი ნაწილები.
როგორც ომბუდსმენის აპარატი იტყობინება, სრულად აღმოიფხვრა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხები და სრული შემოწმების მიზნით პატიმრის სხეული მთლიანად გაშიშვლების პრაქტიკა გაუქმებულია.