მოსამართლე გალუსტაშვილმა 11 პირის პროცესზე მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

13.06.25 15:28
მოსამართლე გალუსტაშვილმა 11 პირის პროცესზე მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

აქციების დროს დაკავებული 11 პირის პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

მოსამართლის აცილება დაცვის მხარემ გალუსტაშვილის მიერ 12 ივნისს მათე დევიძისთვის გამოტანილი განაჩენის შემდეგ მოითხოვა.

ადვოკატი ბექა ხოხობაშვილის განცხადებით, “გუშინდელი განაჩენით გალუსტაშვილი ფაქტობრივად პოლიტიკური მართლმსაჯულების ინსტრუმენტი გახდა, რა დროსაც მან  21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.“

დღევანდელ პროცესზე სიტყვით ისარგებლეს რეზო კიკნაძემ, ონისე ცხადაძემ და ანდრო ჭიჭინაძემ და  სოლიდარობა გამოუცხადეს მათე დევიძეს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის-ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის სასამართლო პროცესი მოწმეთა გამოკითხვის ეტაპით გრძელდება.

11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები