კონფლიქტის ზონაში დაგეგმილი ავიარეისები გაუქმებულია-მოქალაქეები საქართველოდან საკუთარ ქვეყნებში ვერ ბრუნდებიან
მას შემდეგ, რაც ირანის მიმართულებით ისრაელის თავდასხმა დაიწყო, საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის ჩაიკეტა. დაიწყო ავიარეისების მასშტაბური გაუქმება.
საჰაერო სივრცეები დახურეს ისრაელმა, ირანმა და იორდანიამ. რეისები შეფერხებით სრულდება მოსაზღვრე ქვეყნებშიც.
თბილისის საერთაშორიოს აეროპორტში ხალხმრავლობაა-ისრაელის და ირანის მოქალაქეები საქართველოდან ვერ მიფრინავენ.
ადამიანები, რომლებსაც სახლში დაბრუნება სურთ, “პირველებს“ ეუბნებიან, რომ დილიდან უშედეგოდ ელოდებიან საკუთარ ფრენას და ამ დრომდე არ აქვთ პასუხი, შეძლებენ თუ არა საკუთარ ქვეყნებში დაბრუნებას.
მათი ნაწილი, რომლებიც ავიაკომპანიებისგან ზუსტ ინფორმაციას ვერ იღებენ, სასტუმროებში გადავიდა, ნაწილი კი ადგილზე ელოდება საჰაერო სივრცის გახსნას.
არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, აქ ვრჩებით. არავინ იცის, შემდეგ რა მოხდება, მივდივართ ავიაკომპანიის დახლთან, პასუხს ვერ გვცემენ, რა უნდა გავაკეთოთ, აქ ბავშვებით, ოჯახებით ვართ ჩამოსული. მათთვის აქ საჭმლის და ყველანაირი პირობის გარეშე ყოფნა რთულია. არც სასტუმროში გადავყავართ,არ ვიცით, ხვალ მაინც თუ შესრულდება რეისი. ცხელ ხაზზეც უშედეგოდ ვრეკავთ, პასუხი არ არის. ველოდებით, იქნებ მომდევნო საათებში ფრენები აღდგეს. ყველა ეს ადამიანი აქ რეისებს ელოდება. ვიცით, რომ მიზეზი ირანში მიმდინარე პროცესებია, ვცდილობთ გავარკვიოთ, რა იქნება მომავალში,- ამბობს ერთ-ერთი მათგანი.
ველოდებით, ვუყურებთ ახალ ამბებში, თუ რა ხდება ირანში. ფრენები ირანის და ისრაელის კონფლიქტის გამოა გაჩერებული. აეროპორტში დიდხანს ვეღარ გავჩერდებით. ყველა ფრენა აღმოსავლეთით გაუქმდა, მოთხოვნაც გაიზარდა, იქნებ ხვალ მაინც შეიცვალოს რამე. ჩვენ ყატარში უნდა წავსულიყავით,- აცხადებს კიდევ ერთი ტურისტი.
“პირველებს“ აეროპორტში ვერ ეუბნებიან, როდის აღდგება რეისები და ამბობენ, რომ ინფორმციისთვის, უშუალოდ იმ კომპანიას უნდა მიმართონ, ვინც ფრენებს ახორციელებს.
ჯერჯერობით, უცნობია, როდის განხორციელდება ის ავიარეისები, რომლებიც გაუქმდა, რადგან ბოლო ცნობებით, ისრაელის საჰაერო ძალებმა, ირანის დედაქალაქ თეირანში განთავსებულ სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე, განმეორებითი დარტყმები რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
როგორც ცნობილი ხდება, ისრაელი ირანის წინააღმდეგ სპეცოპერაციას რვა თვის განმავლობაში ამზადებდა. “აქსიოსი“ იტყობინება, რომ საიდუმლო დავალების შესრულებაში საკვანძო როლი მოსადს ჰქონდა.
მედიამ ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ ისრაელის საჰაერო ძალები ირანზე კომბინირებულ ავიადარტყმებს ახორციელებენ და კიდევ ერთხელ ბომბავენ ნატანზის ბირთვულ ობიექტებს.
ბოლო ინფორმაციით, იბომბება თავრიზის აეროპორტის, მათ შორის თვითმფრინავებისა და სამხედრო აღჭურვილობის-შეიარაღების განთავსების ადგილები. ავიადარტყმები განხორციელდა შირაზის რაიონში რაკეტების მწარმოებელ ობიექტებსა და საბრძოლო მასალის საწყობებზე.