პენიტენციური სამსახური: შემოწმებისას კვლავ მოხდება სხეულის მხოლოდ იმ ნაწილის გაშიშვლება, რომლის დათვალიერებაც უნდა განხორციელდეს

13.06.25 19:25
პენიტენციური სამსახური: შემოწმებისას  კვლავ მოხდება სხეულის მხოლოდ იმ ნაწილის გაშიშვლება, რომლის დათვალიერებაც უნდა განხორციელდეს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრულ შემოწმებაზე დებულებებში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს და წერს, რომ “შემოწმებისას  კვლავ მოხდება სხეულის მხოლოდ იმ ნაწილის გაშიშვლება, რომლის დათვალიერებაც უნდა განხორციელდეს“.

უწყების მტკიცებით, “პირადი სრული შემოწმებისას მთლიანი სხეულის გაშიშვლების პრაქტიკას ბოლო წლებში პენიტენციურ დაწესებულებებში ადგილი არ ჰქონია და ბრალდებული/მსჯავრდებული თავად ირჩევდა მისთვის მისაღებ შემოწმების საშუალებასა და ფორმას.“

პენიტენციური ირწმუნება, რომ "ზოგიერთმა მიკერძოებულმა ტელევიზიამ" დამახინჯებულად გააჟღერა სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით დებულებებში ასახული ცვლილებების განმარტება.“

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრულ შემოწმებას და მიზნად ისახავს მათი უფლებრივი მდგომარეობის სამართლებრივ მოწესრიგებას.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მიკერძოებული ტელევიზიის მხრიდან საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობის მიზნით არასრულად და დამახინჯებულად გაჟღერდა  სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით დებულებებში ასახული  ცვლილებების განმარტება, კერძოდ, თითქოსდა პირადი სრული შემოწმებისას ერთდროულად მთლიანი სხეულის გაშიშვლება ამ დრომდე წარმოადგენდა გავრცელებულ პრაქტიკას.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პირადი სრული შემოწმებისას  სრული (ერთდროულად მთლიანი სხეულის) გაშიშვლების პრაქტიკას ბოლო წლებში პენიტენციურ დაწესებულებებში ადგილი არ ჰქონია.
აღსანიშნავია, რომ რიგი დაწესებულებების დებულებებით მოწესრიგებული იყო სრული გაშიშვლების პრაქტიკის აკრძალვა, ხოლო მიმდინარე პერიოდში სრულად იქნა მოწესრიგებული ყველა დაწესებულების დებულების შესაბამისი ჩანაწერი.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, დამატებით განვმარტავთ, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება სკანერის გამოყენებით (შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში) ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის  დათვალიერებით. ბრალდებული/მსჯავრდებული თავად ირჩევს მისთვის მისაღებ შემოწმების საშუალებასა და ფორმას, რაც მათი გარანტირებული უფლებაა.
გვსურს განვმარტოთ, რომ პირადი სრული შემოწმებისას  კვლავ მოხდება  სხეულის მხოლოდ იმ ნაწილის გაშიშვლება, რომლის დათვალიერებაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც განაგრძობს მუშაობას ბრალდებულების/მსჯავრდებულების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მანამდე, სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადომბუდსმენის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე პაატა სალიას უწყებამ დებულებაში ცვლილება შეიტანა. 

  • კერძოდ, იუსტიციის სამინისტრომ დაადასტურა, რომ სადავო ნორმების შესაბამისად, სრული შემოწმებისას, ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებული იყო, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაეხადა ან გაეშიშვლებინა სხეულის შესაბამისი ნაწილები.

როგორც ომბუდსმენის აპარატი იტყობინება, სრულად აღმოიფხვრა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხები და სრული შემოწმების მიზნით პატიმრის სხეული მთლიანად გაშიშვლების პრაქტიკა გაუქმებულია.

მსგავსი სიახლეები