სანიკიძე: არ მგონია, ომმა მასშტაბური ხასიათი მიიღოს - ჩინეთი და რუსეთი ირანის გამო თავს არ მოიკლავენ
გუბაზ სანიკიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ ისრაელსა და ირანს შორის არსებული შეიარაღებული კონფლიქტი მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და მასში რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ სხვა სახელმწიფოც ჩაერთვება. პოლიტიკოსის განმარტებით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მსოფლიო დონეზე ირანის იზოლაციაა.
"ირანს მოკავშირეები გლობალურად ჰყავს ჩინეთის და რუსეთის სახით, მაგრამ თუ რეაქციებს შევხედავთ, მაინცდამაინც თავს არ მოიკლავენ ირანისთვის" - ამბობს სანიკიძე "ტვ პირველის" ეთერში, რომელიც ასევე ვარაუდობს, რომ ისრაელის იერიშების შემდეგ, "ირანში დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ რყევები დაიწყება".
ომი დაწყებულია უკვე, კარგა ხანია მიმდინარეობს, მაგრამ არ მგონია, რომ ფართო მასშტაბები მიიღოს. ამისთვის ბევრი მიზეზია, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ირანის იზოლაცია ხდება. ირანს მოკავშირეები გლობალურად ჰყავს ჩინეთის და რუსეთის სახით, მაგრამ თუ რეაქციებს შევხედავთ, მაინცდამაინც თავს არ მოიკლავენ ირანისთვის. ირანის იზოლაცია გრძელდება, მისი პროქსი ძალების შევიწროება და ნაწილობრივ განადგურებაც ხდება. თუ გავიხსენებთ ჰამასს, ჰეზბოლას. იემენში ჰუსიტების პრობლემა რჩება. ერაყში შიიტური რაზმები დაშლილი იქნა ერაყის ხელისუფლების მიერ. ირანმა დიდი დარტყმა მიიღო, როდესაც ასადების რეჟიმი დაემხო, რადგან სირია დიდი ხნის განმავლობაში ირანის მოკავშირე ქვეყანა იყო... მე მგონია, რომ ამ ამბების მერე ირანში დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ რყევები დაიწყება". - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
ცნობისთვის, 13 ივნისის ღამეს ისრაელის არმიამ ირანში ბირთვულ ობიექტებს შეუტია. დარტყმულ სამიზნეებს შორის იყო სამეთაურო დონის სამიზნეები, მეთაურები, სამხედრო ობიექტები, შტაბ-ბინები და ბირთვული ობიექტები.
ლიკვიდირებულია ბირთვულ იარაღზე მომუშავე 6 მთავარი მეცნიერი და ირანის უმაღლესი თანამდებობის სამხედრო პირები, მათ შორის, აიათოლას მრჩეველი.
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, დაადასტურა ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო და ბირთვული მეცნიერის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობები და ისრაელი „მწარე და მტკივნეული“ შედეგების შესახებ გააფრთხილა.