გუშინდელმა დღემ "ოცნებას" აჩვენა, რომ პროტესტს ვერანაირი რეპრესიები ვერ გააჩერებს - წულაია
"გუშინდელმა დღემ მთელ საქართველოს და ხელისუფლებას აჩვენა, რომ პროტესტს ვერანაირი რეპრესიები ვერ გააჩერებს" - ამის შესახებ ჟურნალისტმა ირაკლი წულაიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა და 12 მაისს გამართულ სოლიდარობის აქციას გამოეხმაურა.
ირაკლი წულაიას თქმით, "რეჟიმი უფრო და უფრო ვერაგი ხდება", რასაც ჟურნალისტის აზრით, ქართველი ხალხი "ყველა ფრონტზე" ბრძოლით უნდა შეეწინააღმდეგოს.
გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა ხელისუფლებას და მთელ საქართველოს, რომ პროტესტს ვერანაირი რეპრესიები ვერ გააჩერებს. სამწუხაროდ, რეჟიმი სულ უფრო ვერაგი ხდება და კიდევ უფრო ვერაგი გახდება. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ყველა ფრონტზე ვიბრძოლოთ. რაც შეეხება მზია ამაღლობელს, ასეთი სისასტიკე არ მინახავს. ქალს ამდენი წლით უშვებენ ციხეში. ყველამ კარგად ვიცით, რომ 2022 წელს პუტინმა მზია ამაღლობელის გამოცემები - "ნეტგაზეთი" და "ბათუმელები" რუსეთში აკრძალა. ზუსტად დაემთხვა იმ მონაკვეთს, რომ ამის შემდეგ მოხდა მზია ამაღლობელის განეიტრალება. "ოცნებამ" ყველაფერი უკან დააბრუნა და ახლა კიდევ უფრო შევყავართ სადღაც". - განაცხადა ირაკლი წულაიამ.
შეგახსენებთ, 12 ივნისს, თბილისის ქუჩებში მათე დევიძის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია გაიმართა. თავდაპირველად, მოქალაქეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და შემდეგ მსვლელობით მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს. მათი დანიშნულების საბოლოო ადგილი ჭავჭავაძის გამზირი იყო, სადაც საზოგადოების ნაწილმა კარავი გაშალა და ღამე გაათენა.
21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
სინდისის პატიმარი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მან თქვა, რომ "გადაწყვეტილების მოსმენა არ შეუძლია" და სხდომა დატოვა.
განაჩენს სასამართლოს დარბაზსა და ეზოში შეკრებილები ხმაურით შეხვდნენ.
ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.