ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდელი შესაძლოა, შეიცვალოს - რა რისკებზე საუბრობენ ექსპერტები
მთავრობა ეროვნული გამოცდების ალტერნატიული მოდელის შემუშავებაზე მუშაობს. კობახიძის აპარატის მიერ პარლამენტში გაგზავნილ დოკუმენტში წერია, რომ შეიქმნება მრავალკომპონენტიანი ჩარიცხვის სისტემა. სავარაუდოდ, უმაღლესში მოსახვედრად მხოლოდ საგამოცდო შედეგები არ იქნება საკმარისი, ყურადღებას მიაქცევენ სკოლის ნიშნებსაც. დამატებით კრიტერიუმებს აბიტურიენტებს დაუწესებენ უნივერსიტეტებიც.
განათლების ექსპერტები რისკებზე საუბრობენ. სიმონ ჯანაშია არ გამორიცხავს, რომ ამ ცვლილებამ ნეპოტიზმს და კორუფციას შეუწყოს ხელი. მისი თქმით, არც ისაა გამორიცხული, რომ "ოცნებამ" სკოლები პარტიული მიზნებისთვის გამოიყენოს.
ნორმალური სისტემის აწყობა, რომელიც სკოლებში შეამოწმებს მოსწავლეებს იმისთვის, რომ მერე ამ ნიშნებით ჩააბარონ უმაღლესებში, ჩვეულებრივ ქვეყნებში იწვევს კორუფციის რისკს, იწვევს ნეპოტიზმის რიკს და ასევე იწვევს ხოლმე იმ რისკს, რომ ის ბავშვები, რომლებიც უკეთეს სკოლებში სწავლობენ, უფრო მარტივად აბარებენ გამოცდებს, ვიდრე ის ბავშვები, რომლებსაც არ გაუმართლდათ. საქართველოსნაირ ქვეყანაში ასეთი სისტემა კიდევ შეიძლება, მოემსახუროს პარტიულ მიზნებს. ანუ შეიძლება, პარტიამ დააჯილდოვოს ზოგიერთი სკოლა ან დასაჯოს კონკრეტული სკოლა შედეგებიდან გამომდინარე. სახელმწიფოს ყოველთვის შეეძლება, ვთქვათ, რომ გაათავისუფლოს დირექტორი ან არ გაათავისუფლოს თუ პოლიტიკურად არის ლოიალური, - ამბობს სიმონ ჯანაშია.
განათლების ექსპერტი მარიამ რამინაშვილი ფიქრობს, რომ მსგავის ცვლილების განხორციელება ამ ეტაპზე უდროოა, რადგან სკოლების ავტონომიური პასუხისმგბელობის ასაღებად არც ტექიკურად, არც მატერიალურად და არც ადამიანური რესურსით არ არიან მზად.
სრული ავტონომიურობის გადაბარება საჯარო სკოლებისთვის ამ ეტაპზე აბსოლუტურად უდროოა იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო სკოლები არც ტექნიკურად, არც ადამიანური რესურსით, არც მატერიალურად არ არიან მზად იმისთვის, შეძლონ ავტონომიური პასუხისმგებლობის აღება ისეთ მნიშვნელოვან საქმეში, რომ ისინი იქცნენ ვიზად მოსწავლეებისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებისკენ, - ამბობს მარიამ რამინაშვილი.