ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქილებში დამალული კოკაინი-შსს-მ 1 პირი დააკავა
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ს.შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შეძენას ცდილობდა.
სამართალდამცველებმა ს.შ. -ს მხილების მიზნით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, მისთვის უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რის შემდეგაც ს.შ. ბრალდებულის სახით დააკავეს. ბრალდებულისთვის გამოგზავნილი ამანათიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ქილებში დამალული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, რომლის შეძენასაც ბრალდებული აპირებდა" - აღნიშნულია განცხადებაში.