საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი 2170 ლარია - როგორია რეალობა

16.06.25 17:29
საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი 2170 ლარია - როგორია რეალობა

ქვეყანაში საშუალო ხელფასი 2170 ლარია - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს,  რომლის თანახმადაც, საქართველოში ერთ წელიწადში ჯამაგირი 11.7 %-ით არის გაზრდილი.

თუ მაჩვენებლებს შევხედავთ, ყველაზე მაღალი ხელფასები საფინანსო, აიტი და სამეცნიერო სექტორში ფიქსირდება.

უფრო კონკრეტულად: 

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5515.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 22%-ით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4163.0 ლარი (გაიზარდა 5.2%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2975.7 ლარი (გაიზარდა 11.3%-ით);
  • მშენებლობა – 2908.9 ლარი (გაიზარდა 10.8%-ით).

საქსტატის მონაცემებითვე, 2025 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1744.2 ლარი, ხოლო კაცების – 2601.3 ლარი იყო.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში თბილისი ლიდერობს.

ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ციფრები რეალობას აცდენილია. მათი თქმით, პრობლემა საშუალო ხელფასის გამოთვლის წესშივეა, შედეგად კი მონაცემებით ხალხს უქმნის განცდას, თითქოს უკეთესად ცხოვრობენ.

არის სამი-ოთხი დარგი: საფინანსო სექტორი, აიტი სექტორი, მათ შორის, სახელმწიფო ბიუროკრატიაში დასაქმებული ხალხი, ვისაც აქვთ მაღალი ხელფასი და ეს იწვევს მერე საშუაო ხელფასის ამაღლებას. ჩვენ თუ ვნახავთ, მაგალითად, ისეტ სფეროებს, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული, ვთქვათ, როგორიც არის განათლება, სოფლის მეურნეობა, დაახლოებით 1000 ლარია საშუალო ხელფასი. საშუალო ხელფასი დაშორებულია იმ ხშირ ხელფასს, რაც ქვეყანაში არის. თუნდაც, ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად, მინისტრების, პარლამენტარეის ხელფასი უკვე 10 ათას ლარზე მეტია, როცა მასწავლებების ხელფასი არის ზოგჯერ 1000 ლარამდე და ა.შ.ნებისმიერი სოციოლოგიური გამოკვლევა უჩვენებს, რომ მოსახლეობას უმუშევრობასთან და სიღარიბესთან ერთად აწუხებს დაბალი ხელფასები. წლიდან წლამდე 100 და 150 ლარით მატება ამ სიტუაციას ვერ ცვლის. იმ დარგებში, სადაც მასობრივად ასობით ათასი ადამიანია დასაქმებული, ხელფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე საშუალო ხელფასი გამოდის, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი ბესიკ ნამჩავაძე.

სპეციალისტები ამბობენ, რომ რეალურად, რიგითი მოქალაქეების ხელფასი დაახლოებით 800-1000 ლარია, გაზრდილი ინფლაციის პირობებში კი ამ თანხით თავის გატანა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

სფეროს ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ამ სტატისტიკას მანიპულირებისთვის იყენებს.

იმ საქონელზე, რასაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, 90% ხარჯავს, როგორიც არის სურსათი, საწვავი, მედიკამენტები, კომუნიალური გადასახადები და ა.შ., შეიძლება, ვთქვათ, რომ თიტქმის გაორმაგებულია. ბუნებრივია, რომ 2000 ლარის მყიდველუნარიანობა უტოლდება 5-6 წლის წინანდელ 1000-1200 ლარის მყიდველობით უნარიანობას. თავისთავად, ინფლაციის გარეშე ამ მაჩვენებლის ანალიზი არაფერს გვაძლევს. ჩვენი მოქალაქეების თითქმის 50%ის ხელფასი, დაახლოებით 1000 ლარია და ამაზე ნაკლები. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაშ არის სიღატაკე და ამის შედეგია ის, რომ ქვეყანა იცლება და ხალხი გარბის უცხოეთში. მათ არ უნდათ რეალური სურათის ჩვენება და მანიპულაცია თავად ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღებშიც კი ვლინდება,  - ამბობს რომან გოცირიძე. 

მსგავსი სიახლეები