წამების სავარაუდო ფაქტი პოლიციის განყოფილებაში - სპეციალური საგამოძიებო სამსახური დუმს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური პოლიციის განყოფილებაში სავარაუდო ნაწამები პატიმრების საქმეს ასაიდუმლოებს - გამომძიებელი გიორგი ჯაფარიძე არ ამბობს, ამოიღო თუ არა კამერების ჩანაწერები იმ განყოფილებიდან, სადაც, სავარაუდოდ, პატიმრები აწამეს და გამოკითხა თუ არა პოლიციის ის მაღალჩინოსნები, ვინც ალან ყაყიტაშვილზე ძალადობის დროს განყოფილებაში იყვნენ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები დღეს გლდანის ციხეში, გლდანი-ნაძალადევის მერვე განყოფილებაში განხორციელებული სასტიკი ანგარიშსწორების შესახებ სამი ბრალდებულის გამოსაკითხად ისე შევიდნენ, რომ უკვე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე არაფერი უთქვამთ.
შემოაკვდათ თუ არა დაკითხვისას პოლიციელებს ალან ყაყიტაშვილი? - ამ კითხვას პასუხი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გასცეს, თუმცა ირკვევა, რომ ყაყიტაშვილთან ერთად დაკავებულ ირაკლი ტატუნაშვილისთვის, რომელიც გამოკითხვისას ასევე სცემეს, ამ დრომდე სამედიცინო ექსპერტიზაც კი არ ჩაუტარებიათ. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, პატიმრების წინააღმდეგ სასტიკი ანგარიშსწორების დროს განყოფილებაში იმყოფებოდა პოლიციის უფროსი კახაბერ პაპინაშვილი და მისი მოადგილე ლაშა ცხვიტარია. ისინი დღეს "პირველების" კამერას სამსახურში არ დახვდნენ.