გიორგი ახობაძის საქმე - რა დაწერა ოქმში და თქვა პროცესზე მოწმე პოლიციელმა

17.06.25 13:39
გიორგი ახობაძის საქმე - რა დაწერა ოქმში და თქვა პროცესზე მოწმე პოლიციელმა

რატომ არ გადაიღეს გიორგი ახობაძის დაკავების პროცესი სამართალდამცველებმა? ამ კითხვით სასამართლო პროცესზე ადვოკატმა მოწმე პოლიციელს, ირაკლი ნარიმანიძეს მიმართა, რომელიც დაკავების ოპერაციაში უშუალოდ მონაწილეობდა. პასუხად ნარიმანიძემ დაადასტურა, რომ დაკავების მომენტში მობილური ტელეფონი ჰქონდა, თუმცა ოქმში მიუთითა, რომ პროცესის გადაღება ტექნიკური რესურსის არარსებობის გამო ვერ მოახერხა.

კიდევ ერთი მოწმე, რომელიც დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა, იყო პოლიციელი, რომელმა გიორგი ახობაძის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, თუმცა კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოაჩინა. 

დღეს დარბაზში მოწმეების გამოკითხვას რამდენჯერმე ხმაურიც მოჰყვა. ადვოკატების  ყველა კითხვას პროკურორი აპროტესტებდა და ცდილობდა, პოლიციელებისთვის არასასურველი კითვები აერიდებინა. 

პროცესის დასასრულს სიტყვით თავად სინდისის პატიმარმა ისარგებლა. გიორგი ახობაძემ მისი საქმის პროკურორს, შმაგი გებიჯიშვილს ურჩია, სიგელს, რომელიც მას გაბიტაშვილმა გადასცა, უკან მისი სახელი და გვარი მიაწეროს. 

სიგელი რომ გაჩუქათ გაბიტაშვილმა, იმას უკან, მინდა, რომ მიაწეროთ ჩემი სახელი და გვარი, - თქვა პროცესზე ახობაძემ. 

გიორგი ახობაძე ასევე სინდისის პატიმრებზეც ისაუბრა. თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანებზე ეთერებში ხშირად ისაუბრონ, რადგან ციხეში გამომწყვდეულ ადამიანს ძალიან ამხნევებს. 

ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

პროევროპული აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ერთადერთი მომვლელი მისი შვილი იყო და ამის შესახებ დაკავებული ახობაძე მოსამართლეს 10 დეკემებრის სხდომაზეც უყვებოდა.

მსგავსი სიახლეები