ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებულ მექანიზმზე
"ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებულ მექანიზმზე" - ამის შესახებ განცხადებას EU-ს თავმჯდომარე ქვეყნა პოლონეთი აკეთებს.
გავრცელებულიგანცხადების თანახმად, ახალი კანონი დაეხმარება ევროკავშირს, რომ უკეთესი რეაგირება ჰქონდეს უვიზო მიმოსვლის დარღვევებზე.
ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილების რეჟიმი სასარგებლოა როგორც უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ასევე ევროკავშირისთვისაც, თუმცა, თუ მესამე ქვეყნების მოქალაქეები ბოროტად გამოიყენებენ ამ უპირატესობას, ევროკავშირს უნდა გააჩნდეს საჭირო ინსტრუმენტები სიტუაციის გამოსასწორებლად. ამ ინსტრუმენტებს შეუძლია, ზეწოლა მოახდინოს იმ ქვეყნებზე, რომლებიც არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში თანამშრომლობას თავს არიდებენ", - თქვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ.
ამასთან, „რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ შეთანხმებაში ჩაიწერება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების ნაწილიც.
ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის რეფორმა, საშუალებას მისცემს ევროკავშირს უფრო მოქნილად უპასუხოს, ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლის შეთანხმების მნიშვნელოვანი პრინციპების უგულებელყოფას, რაც შეიძლება მოიცავდეს უსაფრთხოების საკითხებს და ადამიანის უფლებების დარღვევებს.
აღსანიშნავია, რომ დღეს მიღწეული შეთანხმება ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს როგორც ევროპარლამენტის, ასევე ევროპული საბჭოს მიერ.
შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ახალი საფუძვლებია:
- უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შეუსაბამობა იმ შემთხვევებში, როდესაც ამ ქვეყნის ევროკავშირთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო, ამან შეიძლება ევროკავშირში სხვა მესამე ქვეყნების მოქალაქეების არაავტორიზებული შესვლის ზრდა გამოიწვიოს;
- ინვესტორის მოქალაქეობის სქემის ფუნქციონირება, რომლის მიხედვითაც წინასწარ განსაზღვრული საფასურის ან ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობა ენიჭებათ იმ პირებს, რომლებსაც არ აქვთ რეალური კავშირი შესაბამის მესამე ქვეყანასთან;
- დოკუმენტების უსაფრთხოების კანონმდებლობასა და პროცედურებში ჰიბრიდული საფრთხეები და ნაკლოვანებები;
- ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ან გაეროს წესდების სერიოზულ დარღვევებს.
ამავდროულად, ნარჩუნდება შეჩერების მექანიზმის არსებული საფუძვლები, რომელთა შორისაა:
- ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შეუსრულებლობა,
- უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნიდან არსებითი ზრდა მოქალაქეების, რომელთაც უარი ეთქვათ შესვლაზე ან დაშვებულზე მეტხანს რჩებიან შენგენის ზონაში;
- თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების ზრდა; ევროკავშირთან თანამშრომლობის შემცირება რეადმისიაზე;
- საფრთხე შიდა უსაფრთხოებისთვის (მაგ. სისხლის სამართლის დანაშაულების გაზრდის გამო).