თუ სასამართლო დარბაზში ამ სამართლის პოვნა არ შეიძლება, ეს სამართალი სხვაგან იძებნება, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ყოველთვის ბორინკა არ იქნება - ახობაძის სიტყვა სასამართლოზე
ექიმ-რეანიმატოლოგმა გიორგი ახობაძემ, რომლის სასამართლო სხდომაც საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა, პროცესის დასასრულს სიტყვით ისარგებლა და მისი საქმის პროკურორებს და მოსამართლეს მიმართა. სინდისის პატიმარმა პირდაპირ თქვა, რომ დღევანდელი სასამართლო სიმართლის დადგენას არ ემსახურება და ამიტომ ადამიანებს სამართლის პოვნა სხვა გზებით უწევთ.
რაც შეეხება პროკურორებს, გამომძიებლებს და იმ მოსამართლეებს, რომლებმაც საშუალება არ მომცეს ამ შეთითხნილი საქმის რეალური გარემოების მხილების, მე მათ მინდა, ასეთი რაღაც ვუთხრა, რომ ზოგადად, ცივილიზებულმა ადამიანებმა სასამართლო იმიტომ შექმნეს, რომ სამართლის დაყენება ველური წესებით აღარ მომხდარიყო. როცა სასამართლო დარბაზებში სამართლის პოვნა არის შეუძლებელი, ადამიანი ისეთი არსებაა, რომელიც ამ სამართალს აუცილებლად ეძებს და პოულობს და თუ სასამართლო დარბაზში ამ სამართლის პოვნა არ შეიძლება ხოლმე, ეს სამართალი სხვაგან იძებნება და მინდა, ამაზე დაფიქრდნენ აუცილებლად. ყოველთვის მათი ბატონი ბორინკა არ იქნება ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, - თქვა გიორგი ახობაძემ პროცესზე.
სინდისის პატიმარმა ასევე თინეიჯერი შვილის შესახებაც ისაუბრა, სადაც თქვა, რომ მას ახლა ყველაზე მეტად მამის გვერდში დგომა სჭირდება, თუმცა "საქმის შემკერავი" პროკურორების და მათი მოწმეების გამო ამას ვერ ახერხებს. ახობაძის თქმით, ეს მისთვის ყველაზე მძიმედ მისაღები ფაქტია.
მე, ზოგადად, არც ბრაზის და წყენის ჩადება გულში არ მახასიათებს, მაგრამ ერთი წითელი ხაზი მოხდა: 14 რიცხვში, რამდენიმე დღის წინ, მომხვდა როგორც ემოცია. ჩემი ყველაზე მთავარი ძმაკაცი, ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი ძმაკაცი სანდრო ახობაძე, რომელიც 14 წლის არის, ჩემი შვილი. რაც მე მის თვალებში სევდა და დარდი დავინახე და ჩახუტებისას ემოცია... რაც მას, როგორც თინეიჯერს ახლა ჩემგან - მამისგან სჭირდება და თქვენ არ მაძლევთ საშუალებას, რომ მას მე ეს მივცე, იმიტომ, რომ ეს ეპიზოდი მის ცხოვრებაში იქნება ერთხელ, ამ ასაკში, როცა ყველაზე მაგრად სჭირდება ჩემი გვერდში დგომა. ყველაფერს გაპატიებთ ყველას, პირადად მე როგორ შემეხეთ, რამდენი დღე თუ თვე სადღაც ჩამტოვეთ, მაგრამ აი, ამ პატარა, ძალიან ჭკვიან და ძალიან პატრიოტ ქართველს, რომ ისე უზიანებთ ცხოვრებას, თქვენი ცრუ მოწმეებით და შეკერილი საქმეებით, რომ მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, მე მის გვერდით არ ვარ, - თქვა გიორგი ახობაძემ პროცესზე.
ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
პროევროპული აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ერთადერთი მომვლელი მისი შვილი იყო და ამის შესახებ დაკავებული ახობაძე მოსამართლეს 10 დეკემებრის სხდომაზეც უყვებოდა.