"მკაცრი სასჯელი უნდა იყოს გამოყენებული" - ზურა ჯაფარიძის საქმის პროკურორი

17.06.25 13:51
"მკაცრი სასჯელი უნდა იყოს გამოყენებული" - ზურა ჯაფარიძის საქმის პროკურორი

 

 

პროკურატურა ზურა ჯაფარიძის მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენებას ითხოვს. ამის შესახებ დღეს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ნათია თათიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

შეკითხვას, სასჯელის რომელი ფორმა მიაჩნია მას მკაცრ სასჯელად, ჯარიმა თუ პატიმრობა, პროკურორმა თათიაშვილმა პასუხი არ გასცა.

„ჩვენ დღეს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა მოვითხოვეთ აღნიშნულ საქმეზე. ბუნებრივია, ჩვენი პოზიციით, სასამართლოს მიერ ქმედების შესაბამისი პროპორციული, სამართლიანი, ობიექტური და თანაზომიერი სასჯელი უნდა იყოს განსაზღვრული, რაც ბრალდებულის ქმედებას, მის მიერ ჩადენილ დანაშაულს შეესაბამება. ბრალდების მხარე კონკრეტული სასჯელის სახეს და არც ზომას არ ითხოვს. კანონი ამის საშუალებას არ გვაძლევს, თუმცა მე, როგორც პროკურორს, და ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მსგავსი ქმედებისთვის უნდა იყოს მკაცრი სასჯელი გამოყენებული. [სასჯელი] მკაცრი, რელევანტური უნდა იყოს ჩადენილ ქმედებასთან და ბრალდებულის მიერ განხორციელებულ თითოეულ ქმედებასთან, რაც დაწყებულია მისთვის ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანიდან, მის მიერ გამოხატულ ნებაში, მის პრინციპულობაში, გამიზნულად კანონის დარღვევაში, კანონის უზენაესობის უგულებელყოფაში, განჩინებით განსაზღვრული გარემოებების უგულებელყოფაში. სასამართლო განსაზღვრავს პატიმრობა იქნება თუ არა. მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს მკაცრი სასჯელი გამოყენებული მსგავს ქმედებებზე. ჩემი შეფასებით რეაგირება უნდა იყოს სუბიექტური არა, ობიექტური უნდა იყოს და ობიექტურად შეიძლება განიხილო როგორც პატიმრობა ისე ჯარიმა, მათ შორის თანამდებობის უფლების ჩამორთმევა“,- განაცხადა პროკურორმა.

საქალაქო სასამართლოში წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ზურაბ ჯაფარიძის მორიგი პროცესი ჩატარდა.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დღევანდელ სხდომაზე განაჩენი არ გამოაცხადა, თქვა, რომ სასამართლო ჯაფარიძეს კიდევ ერთხელ მისცემს შანსს, საბოლოო სიტყვით ისარგებლოს და სხდომა 23 ივნისისთვის გადადო. 

ჯაფარიძის ადვოკატმა დღეს მტკიცებულებები უდაოდ გახადა, რის შემდეგაც მხარეებმა საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს.

ზურაბ ჯაფარიძე სხდომას არ ესწრებოდა.

 

მსგავსი სიახლეები