თედო აბრამოვის საქმე - გამომძიებელი აღიარებს, რომ საქმეში 22 წლის ბიჭის ჩხრეკის ვიდეო არ არსებობს
საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების დროს დაკავებული პირების პროცესი გრძელდება - დღეს, 22 წლის თედო აბრამოვის საქმეზე ის პოლიციელი გამოიკითხა, ვინც ახალგაზრდა დააკავა.
გამომძიებელ ირაკლი გახარიას დაკავებული ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს, თავად პოლიციელი კი არ პასუხობს კითხვას, რატომ დააკავა ბრალდებული ჩიხში, დასაც აბრამოვის უფლებადამცველების თქმით, კამერები არ არსებობს, ან რატომ არ მისცა აბრამოვს ადვოკატთან დაკავშირების უფლება.
თედო აბრამოვმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის თანდასწრებით გამომძიებელს ჰკითხა, რატომ არ არსებობს მის საქმეში ე.წ. ნეიტრალური მოწმე.
კიდევ ერთ კითხვაზე, რატომ არ დევს საქმეში სამხრე ჩანაწერები, გახარიამ თქვა, რომ ეს იყო ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად ადგილზე ისინი ჩამწერი საშუალებით არ მისულან.
ჩემს თანამშრომლებთან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებებში მქონდა, ზეპირსიტყვიერი კომუნიკაცია იყო თუ არა იმ ადგილას ისეთი კამერა დამონტაჟებული, რომელიც უშუალოდ პირადი ჩხრეკის მინდინარეობას ასახავდა - ამაზე განმიცხადეს, რომ ასეთი კამერა არ იყო. ასეთი კამერა რომ ყოფილიყო, მას ამოვიღებდი და დავურთავდით"- თქვა გახარიამ.
თედო აბრამოვის თქმით, მისი დაკავების ადგილიდან რამდენიმე მეტრში ვიდეო-კამარა დამონტაჟებული იყო და სამართალდამცავებს შეეძლოთ, მისი ჩხრეკა სწორედ იმ ადგილზე მოეხდინათ, რაც არ გააკეთეს.
22 წლის თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს პოლიციამ საკუთარი სახლიდან გამოსვლისას დააკავა. ადვოკატის თქმით, რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.
პროკურატურაში ამბობენ, რომ ჩხრეკისას მას ქურთუკის წინა ჯიბიდან 5 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობაა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
თედო აბრამოვი ბრალს არ აღიარებს. მან ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ დაკავების დროს „არაადამიანურად მოეპყრნენ" და „შეურაცხმყოფელი სიტყვებით“ მიმართეს.
დაკავების დროს უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების საქმეს იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ადვოკატებმა მიმართეს გენერალურ პროკურატურასაც, თუმცა უწყებას გამოძიება არ დაუწყია.