SJC მაჩალიკაშვილის საქმეზე: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მოუწოდა დამატებითი ნაბიჯები გადადგას გამოძიების ხარვეზების აღმოსაფხვრელად

17.06.25 16:26
SJC მაჩალიკაშვილის საქმეზე: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მოუწოდა დამატებითი ნაბიჯები გადადგას გამოძიების ხარვეზების აღმოსაფხვრელად

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მოუწოდა დამატებითი ნაბიჯები გადადგას გამოძიების ხარვეზების აღმოსაფხვრელად - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს. 

როგორც  SJC წერს, 10-12 ივნისს გამართულ ადამიანის უფლებათა სხდომაზე კომიტეტმა საქართველოს მიმართა, წარადგინოს ინფორმაცია იმ დამატებითი შესაძლო ღონისძიებების შესახებ, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს გამოძიების ხარვეზების სრულად აღმოსაფხვრელად, მათ შორის, გამოძიების შედეგებზე დამოუკიდებელი საპროკურორო და სასამართლო ზედამხედველობის უზრუნველყოფით.

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, რომელიც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების შესახებ მოსაზრებებს რეგულარულად წარუდგენს, კომიტეტის გადაწყვეტილება თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მათი ლეგიტიმური ინტერესების მრავალწლიანი უგულებელყოფის მიუხედავად, კვლავ გააგრძელონ სამართლიანობის აღსადგენად და მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სათანადოდ გამოსაძიებლად.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2023 წლის 19 იანვარს, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების (მე-2 მუხლი) პროცედურული ნაწილის დარღვევა - არაეფექტიანი და ხარვეზიანი გამოძიების გამო. კერძოდ, სასამართლომ გააკრიტიკა შემდეგი საკითხები:
ამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის დარღვევა, რასაც სუს-ის ჩართულობა და მტკიცებულებების ამოღების პროცესში მონაწილეობა მოჰყვა;
◾️ სპეცოპერაციაში ჩართული ოფიცრების დაგვიანებული გამოკითხვა;
◾️ გასროლის დროს ტელეფონისა და ყურსასმენის მდგომარეობის არასათანადო შესწავლა;
◾️ ოჯახისათვის საქმის მასალებზე დაგვიანებული წვდომა და დაზარალებულის სტატუსის არმინიჭება, რის გამოც ოჯახს გამოძიების შეწყვეტის გასაჩივრების უფლება არ მიეცა.
⚫ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა არაერთგზის მიმსართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების განახლებისა და მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. Მხოლოდ 2024 წლის 18 ივნისს, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო დადგენილება გამოძიების განახლებაზე უარის შესახებ.— აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

SJC-ის შეფასებით , სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და გამოძიებას კვლავ აქვს რესურსი საქმისთვის საკვანძო საკითხის დასადგენად - იყო თუ არა საჭირო ლეტალური ძალის გამოყენება სპეცოპერაციის ფარგლებში თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ. 

აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კომიტეტმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დაყრდნობით, ზოგადი ღონისძიებების გატარებაც დაავალა. კერძოდ, საქართველომ უნდა წარადგინოს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობს გამოძიების ფარგლებში საიდუმლოდ ცნობილი ინფორმაციის დაზარალებულისთვის გადაცემის დაგვიანების თავიდან აცილებას. აგრეთვე, საქართველო ვალდებულია, კომიტეტს აცნობოს, რა ღონისძიებები გატარდა, ან გატარდება სპეციალური საპოლიციო ოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარების სათანადოდ დოკუმენტირებისთვის",— აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესების წარმომადგენლობას და აპირებს, კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, კიდევ ერთხელ მიმართოს პროკურატურას გამოძიების განახლების, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისა და საქმისთვის კრიტიკულად აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით.