რუსული სახელმწიფო კომპანიის სანქცირებული ხელმძღვანელი საქართველოში იმყოფებოდა

17.06.25 16:07
რუსული სახელმწიფო კომპანიის სანქცირებული ხელმძღვანელი საქართველოში იმყოფებოდა

რუსული სახელმწიფო კომპანიის სანქცირებული ხელმძღვანელი, ანდრეი რიუმინი, დელეგაციასთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა - საუბარია ოკუპანტი ქვეყნის ენერგეტიკული კომპანია „როსსეტის“ დელეგაციზე.  ინფორმაცია ამის შესახებ თავად რუსულმა კომპანიამ გაავრცელა.

  • რიუმინი სანქცირებულია ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და შვეიცარიის მიერ.

რუსული მხარის მიერ გავრცელებული ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, რიუმინმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, შეხვედრები გამართა საქართველოს ენერგეტიკული კომპანიებისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან. 

კომპანიის განცხადების თანახმად, ქვეყნის უდიდესი ენერგეტიკული კომპანიის, „საქრუსენერგოს“ (აქციების 50%-იანი წილები „როსსეტის“ და საქართველოს მთავრობის საკუთრებაშია) მენეჯმენტთან შეხვედრაზე განიხილეს ელექტროქსელის საიმედოობის, მიმდინარე შედეგებისა და საინვესტიციო გეგმების საკითხები. ასევე შეჯამდა 2024 წლის წარმოებისა და ფინანსურ-ეკონომიკური შედეგები.

ელექტროენერგიის გადაცემასა და დისპეტჩერიზაციაზე პასუხისმგებელი სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სივრცეში მხარეებმა განიხილეს რუსეთსა და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი 500 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის, „კავკასიონის“ შეუფერხებელი მუშაობის საკითხი.

  • აღსანიშნავია, რომ „საქრუსენერგოს“, „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ გაუვრცელებიათ.