შს მაღალჩინოსანი: პოლიციელს, რომელმაც ვიკა ბუკიას FACEBOOK-პოსტის "სქრინი" გააკეთა, ჩემი ქმრის პაროლი მე მივეცი

18.06.25 16:06
შს მაღალჩინოსანი: პოლიციელს, რომელმაც ვიკა ბუკიას FACEBOOK-პოსტის "სქრინი" გააკეთა, ჩემი ქმრის პაროლი მე მივეცი

 

 

"ტვ პირველის" ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას სასამართლო სხდომა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე რამდენიმე წუთში დაიწყება. 

მოსამართლე დავით თეთრაშვილი დღეს სავარაუდოდ იტყვის, ცნობს თუ არა მედიის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. 

ადმინისტრაციული საქმის ირგვლივ "ტვ პირველისთვის" საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ ვიკა ბუკიას პოსტის ე.წ. screenshot-ი  შსს-ს სასამართლოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარიამ კერესელიძის ქმრის, დავით ლეჟავას  facebook-ით არის გაკეთებული. 

ეს ხდება მაშინ, როცა TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის ინფორმაციით, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას საქმეზე, ოქმის შემდგენელ დეტექტივად კი გიორგი აბესაძეა მითითებული. (ოქმის მიხედვით, დეტექტივმა ბუკიას ფეისბუქი დაათვალიერა და სამართალდარღვევა აღმოაჩინა). 

"პირველები" დაინტერესდა, როგორ მოხდა საქმეში არაიურისტი პირის მიერ გადაღებუილი screenshot-ი, როგორც მთავარი მტკიცებულება.

მარიამ კერესელიძე  "პირველებთან" აბობს, რომ თავისი ქმრის ფეისბუქ ანგარიშით თვითონაც სარგებლობს და წვდომა სხვა პოლიციელებსაც მისცა.

 Facebook-ექაუნთი, საიდანაც მოხდა დათვალიერება, ნამდვილად არის ჩემი მეუღლის და მე პირადად ვსარგებლობ, იმიტომ რომ საკუთარი არ გამაჩნია. რაც შეეხება ოქმის შემდგენლებს, მათაც აქტიური Facebook-ექაუნთი არ გააჩნდათ, შესაბამისად, მე მივეცი წვდომა აღნიშნულზე, საიდანაც მოხდა დათვალიერება. ჩემი მეუღლის პაროლი მაქვს მე, ვიყენებ აქტიურად და შესაბამისად...", - თქვა მარიამ კერესელიძემ.

კითხვაზე,  როგორ გაასაჯაროვა კერესელიძემ ქმრის პირადი სივრცე, შსს-ის წარმომადგენელი ამბობს:  “ჩემს მეუღლეს თუ არ აქვს პრეტენზია, არ მგონია, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს და დაიცვათ ჩემი მეუღლის უფლებები”.

მარიამ კერესელიძე „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ შს სამინისტროს მედალიონით 31 მაისს დააჯილდოვა. ეს უკანასკნელი ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეებს ხელმძღვანელობს. 

აღმოჩნდა, რომ მარიამ კერესელიძის ქმარიც ჩემი დასაცავი გახდება - ამბობს ვიკა ბუკია ფაქტის შეფასებისას.