"თვალით არ მინახავს" - ნიკა კაციას თქმით, მოწმედ მიყვანილი პოლიციელი მისი დაკავების ადგილას არ იმყოფებოდა

18.06.25 17:50
"თვალით არ მინახავს" - ნიკა კაციას თქმით, მოწმედ მიყვანილი პოლიციელი მისი დაკავების ადგილას არ იმყოფებოდა

ნიკა კაციას საქმე - სასამართლოს დღეს ჩვენება სინდისის პატიმრის წინააღმდეგ კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა, მირზა ჯაფარიძემ მისცა. 

გამომძიებელი ამტკიცებდა, რომ ის კაციას დაკავების დროს ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა კაციამ დღეს სასამართლოზე თქვა, რომ ჯაფარიძე მას "თვალითაც არ უნახავს".

„სწორ პოზიციაში არ მიმაჩნია ჩემი თავი, კითხვები დავუსვა, ადამიანს, რომელიც იქ არ ყოფილა საერთოდ. ეს ბატონი, რომელიც წინ დგას, საერთოდ არ მინახავს თვალით...ადამიანი, რომელიც მახსოვს ბევრი ლოკაციიდან, საერთოდ სხვა ადამიანია. ასეთი აბსურდის მომხრე თუ გავხდებოდი, არ მეგონა“, - განაცხადა კაციამ.

ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ, სინდისის პატიმარმა გადაწყვიტა, რომ მოწმე გამომძიებელისთვის კითხვები მაინც დაესვა.

„თქვენ ამბობთ რომ ლაშა ხარხელაურმა ამოიღო ნივთიერება. მას ჩემს არც ერთ ჯიბესთან შემხებლობა არ ჰქონია, რატომ აბრალებთ მას? რატომ ბრალდება მას, რომ ჩემს ჯიბესთან რამე კონტაქტი ჰქონდა?

თუკი წინააღმდეგობას გიწევდით, როგორ ჩამიყავით ჯიბეში ხელი? მე ჯიბეებზე ხელი დავიფარე. რატომ არ მაქვს ნანახი ის, რაც საქმეში დევს, პაკეტს ვგულისხმობ თავისი ნარკოტიკული საშუალებებით“, - განაცხადა კაციამ, რასთან დაკავშირებითაც მას ჯაფარიძემ უპასუხა, რომ მას „რა თქმა უნდა, ნანახი აქვს პაკეტი".

მოწმე დღეს სასამართლოზე ასევე ირწმუნებოდა, რომ ნიკა კაციას დაკავების მომენტში ის და კიდევ ორი პოლიციელი იმყოფებოდა, მათ შორის ლაშა ხარხელაური, თუმცა სინდისის პატიმარმა თქვა, რომ მის დაკავებაში 10-ზე მეტი პოლიციელი იღებდა მონაწილეობას.

გამომძიებელს სხდომის შემდეგ კითხვები დაუსვა "პირველებმაც" და ჰკითხა კონკრეტულად რა საგამოძიებო მოქმედებებში მიიღო მან მოქმედება, თუმცა პოლიციელმა არცერთ კითხვას არ უპასუხა. 

 

ნიკა კაციამ დღეს სასამართლოზე სიტყვა სინდისის პატიმრის, მათე დევიძისადმი სოლიდარობის გამოცხადებით დაიწყო - „მივმართავ მათე დევიძეს, შენი ნავი არ ჩაიძირება. სინათლისთვის უსასრულო წყვდიადში დანარჩენებიც გამოგყვებით, შენი სიმართლით გავიკაფავთ გზას“ - თუმცა მას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეინა, უთხრა, რომ სხდომის შემდეგ მისცემდა საუბრის დასრულების შესაძლებლობას, თუმცა როცა სხდომა დასრულდა ნიკა კაცია საბადრაგო სამსახურმა დარბაზიდან გაიყვანა, თუმცა აღნიშნულ ფაქტს ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც სინდისის პატიმარი უკან დააბრუნეს და მას ჰქონდა შესაძლებლობა მათე დევიძისთვის და სხვა პატიმრებისთვის სიტყვით მიემართა. 

ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.