სასჯელი FB პოსტების გამო - ვიკა ბუკიას წინააღმდეგ საქმეში ჩადებული მტკიცებულება პოლიციელმა ქალმა ქმრის ფბ-ით მოიპოვა
ტვ პირველის წამყვანი, ვიკა ბუკია "ოცნების" წევრ, მარიამ ლაშხზე დაწერილი ფეისბუქ პოსტის გამო 4 ათასი ლარით დააჯარიმეს. დღეს გაირკვა, რომ ვიკა ბუკიას წინააღმდეგ საქმეში ჩადებული მთავარი მტკიცებულება პოლიციელმა ქალმა ქმრის ფეისბუქით მოიპოვა, რომლის პაროლიც მეუღლემ გაანდო.
მარიამ კერესელიძეს თავის მართლება მას შემდეგ მოუწია, რაც "შაბათის ეთერმა" "ტვ პირველის" წამყვანის საქმეში სავარაუდო გაყალბების ნიშნები იპოვა.
ირკვევა, რომ ვიკა ბუკიას წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება მოიპოვა კაცმა, რომელიც სამართალდამცველი საერთოდ არ არის. ის უბრალოდ მარიამ კერესელიძის ქმარია. ამბის გახმაურების შემდეგ შსს-ს მაღალჩინოსანს მოუწია ეთქვა, რომ ოქმის შემდგენ პოლიციელს "ფეისბუქი" არ აქვს და ამიტომ ქმრის სოციალური ქსელი ათხოვა.
დღეს სასამართლომ დაადგინა, რომ ვიკა ბუკიამ მასონების სკანდალით სახელგანთქმულ "ქართული ოცნების" დეპუტატს შეურაცხყოფა მიაყენა. სიტყვა მონა არის ის, რის გამოც მარიამ ლაშხმა ჟურნალისტს უჩივლა, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ამით საზოგადოების თვალში მისი აღქმა შეცვლილიყო, სრულიად საპირისპირო შედეგი მიიღო. ბოლო დღეებია "ფეისბუქში" გამოჩნდა რებუსები მარიამ ლაშხის მონაწილეობით. ერთ-ერთი ასეთი რებუსი - მონანიება დღეს სასამართლოში მიიტანა ვიკა ბუკიამაც.
ვიკა ბუკიას ადვოკატებმა დღეს სასამართლოში მოითხოვეს მოწმის სახით დაკითხულიყო პოლიციელი, რომელიც ამტკიცებს, რომ ვიკა ბუკიას სოციალური ქსელი დაათვალიერა, სინამდვილეში კი "ფეისბუქის" მომხმარებელი საერთოდ არ არის. მოსამართლე დავით თეთრაულმა არც ოქმის შემდგენი პოლიციელის - გიორგი აბესაძის, არც მარიამ კერესელიძის ქმრის, ანუ მტკიცებულების რეალური მომპოვებლის და არც მომჩივანი მარიამ ლაშხის დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში