არასამთავრობოები სამართლებრივ დავას იწყებენ - საჩივარი სასამართლოში დღეს შევა

19.06.25 11:31
არასამთავრობოები სამართლებრივ დავას იწყებენ - საჩივარი სასამართლოში დღეს შევა

არასამთავრობო ორგანიზაციები სამართლებრივ დავას იწყებენ - მესამე სექტორის წარმომადგენლები უახლოეს წუთებში სასამართლოში პირველ საჩივარს შეიტანენ. NGO სექტორი მოსამართლის იმ დადგენილებას გაასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, ანტიკორუფციულ ბიუროს არასამთავრობო ორგანიზაციების ბენეფიციარების პერსონალური მონაცემების გამოთხოვის უფლება მიეცა. 

"საქართველოს ევროპული ორბიტის" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია რუსეთისა და ბელარუსის მაგალითზე აცხადებს, რომ რაჟდენ კუპრაშვილის უწყებისთვის ორგანიზაციების დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემა სავალალო შედეგებს გამოიწვევს. 

დაიწყება მათი დისკრედიტაცია, პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, მათი დევნა, მათ შორის პირადი თავდასხმები - ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი. 

აქ ორი ახსნა შეიძლება იყოს, რატომ თქვა ბატონმა რაჟდენმა ტყუილი. მან არ იცის, რა წერია სასამართლოს ბრძანებაში, არ წაუკითხავს და შეიძლება ეს სხვამ მოამზადა, ის არ იყო საქმის კურსში და უბრალოდ მიაწოდეს. ან იფიქრა, რომ მოიტყუებოდა და ამაზე ვერ ვუპასუხებდით. ორივე შემთხვევაში მძიმე მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. თუ შევხედავთ რუსეთის, ბელორუსის და სხვა ქვეყნების გამოცდილებას, სადაც მსგავსი კანონები მიიღეს, ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ, სახელმწიფო რეპრესიული მექანიზმები იწყებენ ტერორს ამ ადამიანების წინააღმდეგ. ხდება მათი სახელების და გვარების გამოქვეყნება, მათი დისკრედიტაცია, პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, მათი დევნა, მათ შორის პირადი თავდასხმები". - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

 17 ივნისს ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, 5 უფლებადამცველ ორგანიზაციას სასამართლოს ბრძანებები გადაეცათ. მესამე სექტორმა სასამართლოს განჩინების ნაწილი გაასაჯაროვა. დოკუმენტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს აინტერესებს გაიგოს, ვის და რატომ დაეხმარნენ მესამე სექტორის წარმომადგენლები. 

სასამართლოს განჩინება არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, ბენეფიციარების და აქტივობებში ჩართული პირების სახელსა და გვარს, პირად ნომრებსა და აქტივობების ამსახველ ვიდეო-ფოტო მასალების გადაცემას.

ამის საპირწონედ, მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ აპირებენ სამართლებრივი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, „თუნდაც ამ გადაწყვეტილებას მათი დაპატიმრება მოჰყვეს“.

ერთობლივ განცხადებას უერთდებიან: "საფარი", "ღია საზოგადოების ფონდი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "მომავლის აკადემია", " ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი", „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საქართველოს ევროპული ორბიტა“.

მსგავსი სიახლეები