თბილისი თავისუფალი მედიის მხარდასაჭერი აქციისთვის ემზადება
თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება - მოქალაქეები შეკრებას ავლაბრის მეტროსთან, ზუსტად 14:00 საათზე დაიწყებენ და შემდგომ მსვლელობით კომუნიკაციების ეროვნული კომისიისკენ გადაინაცვლებენ.
"ტვ პირველის", "ფორმულას" და "მთავარი არხის" წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე სხდომის პარალელურად, პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები საკუთარი გზავნილების გაჟღერებას შეეცდებიან.
მოქალაქეები "პირველებთან" ამბობენ, რომ ქართულმა საზოგადოებამ კრიტიკული მედია არ უნდა დათმოს - "მედიის დათმობა, ფაქტობრივად, ჩვენი თავისუფლების დათმობას ნიშნავს".
მედია არის დასაცავი. მნიშვნელოვანია, ყველამ დავიცვათ, რადგან თუ დაახშეს ეს სივრცე, მერე უფრო ადვილად განხორციელდება რეპრესიები, ამიტომ ვიკრიბებით 14:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან, იქნება მსვლელობა კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მიმართულებით და შემდეგ შენობის წინ გაიმართება საპროტესტო აქცია, სადაც ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს გავაგონებთ, რომ ჩვენ მედიის თავისუფლებას არ დავთმობთ, რადგან მედიის დათმობა, ფაქტობრივად, ჩვენი თავისუფლების დათმობას ნიშნავს". - განაცხადა ტატო ქელბაქიანმა.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია "პირველის", "ფორმულას" და "მთავარი არხის" წინააღმდეგ მიმართული საჩივრები დასაშვებად ცნო და "ქართული ოცნების" საჩივრების არსებითი განხილვა 19 ივნისს, 15:00 საათზე ჩანიშნა.
- საქმე ეხება “ქართული ოცნების” საჩივრები, რომელიც კომისიაში დარეგისტრირდა. პარტია ტელევიზიებისთვის სანქციების გამოყენებას მოითხოვს.
"ტვ პირველის" შემთხვევაში, ირაკლი კობახიძეს საინფორმაციო გამოშვების 14 ჩანაწერი და 5 ქარდი აქვს გასაჩივრებული. კონკრეტულად, "ქართული ოცნება" კრიტიკულ მედიას შემდეგი ტერმინების გამოყენებას ედავება - "ოლიგარქი"; "არალეგიტიმური ხელისუფლება"; "ოლიგარქის რეჟიმი"; "კლანის მსახური მოსამართლე" და ა.შ..