ჟურნალისტიკის ისტორიაში ძალიან მძიმე პერიოდია - ზაუტაშვილი
დღეს საქართველოში, ჟურნალისტიკის ისტორიაში ძალიან მძიმე პერიოდია - ასე ეხმაურება ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი თბილისში დაანონსებულ საპროტესტო აქციას.
ჟურნალისტის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მათი უფლებები დასაცავია, კრიტიკული მედიის მიმართ სოლიდარულები უნდა იყვნენ.
მისი თქმით, თუკი ვინმე დღეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე არის ორიენტირებული, ესენი ჟურნალისტები არიან.
სიმართლე გითხრათ, ამ პერიოდის მსგავსი პერიოდი ჩემი 40-წლიანი პრაქტიკის შემთხვევაში არ მახსოვს. ეს არის ძალიან მძიმე პერიოდი ჟურნალისტიკის ისტორიაში საქართველოში. მე უბრალოდ ვთხოვ ადამიანებს, არ მოვუწოდებ, რადგან მოწოდება აბსოლუტურად ზედმეტი მგონია, თუ ისინი თვლიან, რომ მათი უფლებები არის დასაცავი, ისინი სოლიდარულები უნდა იყვნენ ჟურნალისტების მიმართ. ყველაზე მეტად, თუკი ვინმე დღეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე არის ორიენტირებული, ესენი არიან ჟურნალისტები. მინდა, ძალიან დიდი სოლიდარობა გამოვუცხადო მზია ამაღლობელს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე პირველი მსხვერპლი ამ მოვლენების". - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება - მოქალაქეები შეკრებას ავლაბრის მეტროსთან, ზუსტად 14:00 საათზე დაიწყებენ და შემდგომ მსვლელობით კომუნიკაციების ეროვნული კომისიისკენ გადაინაცვლებენ.
"ტვ პირველის", "ფორმულას" და "მთავარი არხის" წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე სხდომის პარალელურად, მოქალაქეები ბექაურის უწყების წინ საკუთარი გზავნილების გაჟღერებას შეეცდებიან.