ნინო ლომჯარია: ძალიან მნიშვნელოვანია, მედიის მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ და გავაპროტესტოთ მათ მიმართ ცენზურის დაწესების, დევნის, შევიწროების ფაქტები
მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა თავისუფალი მედიების მიმართულებით სოლიდარობა გამოხატონ და მათზე ცენზურის დაწესების მცდელობები გააპროტესტონ - ამის შესახებ დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ საუბრისას, "საქართველოს ევროპული ორბიტის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც სასამართლო, ანტიკორუფციული ბიურო და სხვა უწყებები ებრძვიან ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, იგივე რეპრესიების და დევნის ქვეშ არის ქართული კრიტიკული მედია:
როგორც სასამართლო, ანტიკორუფციული ბიურო და სხვა უწყებები ებრძვიან ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, იგივე რეპრესიების და დევნის ქვეშ არის ქართული კრიტიკული მედია. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ქართული დემოკრატიის, რაზეც დგას დღეს ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის. ბევრი ადამიანის თავისუფლების და უფლებების დაცვა სწორედ კრიტიკული მედიის არსებობას უკავშირდება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოვხატოთ სოლიდარობა და გავაპროტესტოთ მათ მიმართ ცენზურის დაწესების, დევნის, შევიწროების ფაქტები". - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება - მოქალაქეები შეკრებას ავლაბრის მეტროსთან, ზუსტად 14:00 საათზე დაიწყებენ და შემდგომ მსვლელობით კომუნიკაციების ეროვნული კომისიისკენ გადაინაცვლებენ.
"ტვ პირველის", "ფორმულას" და "მთავარი არხის" წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე სხდომის პარალელურად, პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები საკუთარი გზავნილების გაჟღერებას შეეცდებიან.