"ქართული ოცნების" მთავარი მიზანი, ჩვენი, კრიტიკული მედიის აკრძალვაა - მაკა ანდრონიკაშვილი

19.06.25 15:51
"ქართული ოცნების" მთავარი მიზანი, ჩვენი, კრიტიკული მედიის აკრძალვაა - მაკა ანდრონიკაშვილი

 

 

"ოცნების" მთავარი მიზანია, რომ კრიტიკული მედია აკრძალოს - ამის შესახებ "ტვ პირველის" ჟურნალისტმა, მაკა ანდრონიკაშვილმა მედიის მხარდამჭერ საპროტესტო მსვლელობის მიმდინარეობისას განაცხადა. 

"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის" წევრისა და "დღის ამბების" წამყვანის თქმით, მას მოლოდინი არ აქვს, რომ კახა ბექაური "ქართული ოცნების" საჩივრებს არ დააკმაყოფილებს. 

მაკა ანდრონიკაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" და მისი დამფუძნებლის მიზანია, აღარ არსებობდეს თავისუფალი მედია და არ ისმოდეს ქართველი ხალხის ხმა.

იმის ილუზია, რომ  მარეგულირებელი კომისია "ქართული ოცნების" მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, მე პირადად არ მაქვს.

რაც შეეხება მიზანს, ჩვენ ამას საერთო სურათში უნდა შევხედოთ - რეალურად, აქ არ არის მნიშვნელოვანი, კონკრეტულ სიტყვებს აგვიკრძალავენ თუ არა, მთავარი მიზანია ის, რომ ავიკრძალოთ რეალობაში ჩვენ.

ივანიშვილის მთავარი მიზანია, აღარ არსებობდეს თავისუფალი მედია, აღარ არსებობდეს თავისუფალი ხმა.

ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ თუკი არ ვიქნებით ჩვენ, მათი პრობლემებიც არ გაშუქდება. მიზანიც ის არის, რომ ამ ქვეყანაში ისეთი სამყარო უნდა შეიქმნას, როგორიც ბიძინა ივანიშვილს მოსწონს" - განაცხადა მაკა ანდრონიკაშვილმა. 

"ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას" - ამ გზავნილით მიემართებიან ავლაბრის მეტროდან დაძრული მოქალაქეები კომუნიკაციების ეროვნული კომისიისკენ. "ტვ პირველის", "ფორმულას" და "მთავარი არხის" წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე სხდომის პარალელურად, მოქალაქეები ბექაურის უწყების წინ საკუთარი გზავნილების გაჟღერებას შეეცდებიან. 

ცნობისთვის, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია "პირველის", "ფორმულას" და "მთავარი არხის" წინააღმდეგ მიმართული საჩივრები დასაშვებად ცნო და "ქართული ოცნების" საჩივრების არსებითი განხილვა 19 ივნისს, 15:00 საათზე ჩანიშნა. 

  • საქმე ეხება “ქართული ოცნების” საჩივრები, რომელიც კომისიაში დარეგისტრირდა. პარტია ტელევიზიებისთვის სანქციების გამოყენებას მოითხოვს.

"ტვ პირველის" შემთხვევაში, ირაკლი კობახიძეს საინფორმაციო გამოშვების 14 ჩანაწერი და 5 ქარდი აქვს გასაჩივრებული. კონკრეტულად, "ქართული ოცნება" კრიტიკულ მედიას შემდეგი ტერმინების გამოყენებას ედავება - "ოლიგარქი";  "არალეგიტიმური ხელისუფლება"; "ოლიგარქის რეჟიმი"; "კლანის მსახური მოსამართლე" და ა.შ..

მსგავსი სიახლეები