არ მაქვს მოლოდინი, რომ კომისია ჩვენს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, აკეთებენ იმას, რაც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს უნდა - მაკა ჩიხლაძე

19.06.25 16:22
არ მაქვს მოლოდინი, რომ კომისია ჩვენს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, აკეთებენ იმას,  რაც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს უნდა - მაკა ჩიხლაძე

 

 

თავისუფალი მედიის მხარდასაჭერ აქციას "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის" მთავარი პროდიუსერი, ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე შეუერთდა.

ჟურნალისტი, რომელიც პროევროპული აქციების გაშუქებისას ნიღბიანები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამბობს, რომ მას არანაირი მოლოდინი არ აქვს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

მაკა ჩიხლაძე აცხადებს, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმებული ადამიანები მხოლოდ იმას აკეთებენ, რაც "ქვეყნის არაფორმალურ მმართველს სურს". 

ამას პარალალურად, ჟურნალისტი ამბობს, რომ პროტესტის პარალელურად, კახა ბექაურის უწყებას თვალის გასწორება პროპაგანდისტულ მედიებზეც აუცილებლად მოუწევს. 

ამ ადამიანების უკან საკუთარი ბიზნესები და კეთილდღეობა დგას - მათ საკუთარი ინტერესი აქვთ. კომფორტულ სამსახურში მხოლოდ იმიტომ არიან, რომ ის გააკეთონ, რაც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს უნდა. ამიტომ, ამ კომისიისგან არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ ჩვენს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა მაქვს იმის მოლოდინი, რომ ჩვენი პროტესტის შედეგად მათ მოუწევთ თვალი გაახილონ იმაზე, რასაც აკეთებს პროპაგანდისტული მედია. ჩვენ არ მივცეთ სხვა საშუალებას ფიზიკურად"- აცხადებს ჩიხლაძე. 

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ყველაზე მეტად იმ შეფასების მოსმენა უქმნის დისკომფორტს, რომელსაც ისინი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მოქალაქეებისგან ისმენენ. 

ჟურნალისტის განცხადებით, ივანიშვილის გუნდს არაღიარების კომპლექსი აქვს: 

როდესაც მივდივარ ე.წ. ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელთან და კითხვას ვუსვამ, მეუბნებიან, შენ მე მაღიარე და მაგიტომ მეკითხები? იმდენად დიდი პრობლემა აქვთ აღიარების, რომ ეს შეფასებები აწუხებთ. დასავლეთმა ხომ არ აღიარა, მაგრამ უნდათ, რომ ვიღაცამ მაინც რაღაცად ჩათვალოს. ამიტომ ახლა იბრძვიან იმისთვის, რომ ლეგიტიმაცია შიგნით მოიპოვონ თავისუფალი მედიის მხრიდან" - განაცხადა მაკა ჩიხლაძემ. 

"ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას" - ამ გზავნილით მიემართებიან ავლაბრის მეტროდან დაძრული მოქალაქეები კომუნიკაციების ეროვნული კომისიისკენ. "ტვ პირველის", "ფორმულას" და "მთავარი არხის" წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე სხდომის პარალელურად, მოქალაქეები ბექაურის უწყების წინ საკუთარი გზავნილების გაჟღერებას შეეცდებიან. 

ცნობისთვის, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია "პირველის", "ფორმულას" და "მთავარი არხის" წინააღმდეგ მიმართული საჩივრები დასაშვებად ცნო და "ქართული ოცნების" საჩივრების არსებითი განხილვა 19 ივნისს, 15:00 საათზე ჩანიშნა. 

  • საქმე ეხება “ქართული ოცნების” საჩივრები, რომელიც კომისიაში დარეგისტრირდა. პარტია ტელევიზიებისთვის სანქციების გამოყენებას მოითხოვს.

"ტვ პირველის" შემთხვევაში, ირაკლი კობახიძეს საინფორმაციო გამოშვების 14 ჩანაწერი და 5 ქარდი აქვს გასაჩივრებული. კონკრეტულად, "ქართული ოცნება" კრიტიკულ მედიას შემდეგი ტერმინების გამოყენებას ედავება - "ოლიგარქი";  "არალეგიტიმური ხელისუფლება"; "ოლიგარქის რეჟიმი"; "კლანის მსახური მოსამართლე" და ა.შ..

მსგავსი სიახლეები