თქვენ იმ გუნდს ადვოკატირებით, რომელიც ჟურნალისტის პირდაპირ ეთერში მკვლელობის მცდელობის საქმეს არ იძიებს - ნოდარ მელაძე "ოცნების" იურისტს

19.06.25 17:43
თქვენ იმ გუნდს ადვოკატირებით, რომელიც ჟურნალისტის პირდაპირ ეთერში მკვლელობის მცდელობის საქმეს არ იძიებს - ნოდარ მელაძე "ოცნების" იურისტს

 

 

"თქვენგან და თქვენი პარტიისგან ჩვენ ჟურნალისტიკა არ გვესწავლება" - ასე მიმართა ტელეკომპანია "პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში "ქართული ოცნების" ინტერესების დამცველს, ნათია ბოკუჩავას, რომელიც კომისიაზე ჟურნალისტიკის არსის შესახებ ჰყვებოდა.

ნოდარ მელაძემ იურისტს მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტი შეახსენა და თქვა, რომ ნათია ბოკუჩავა იმ პარტიის ინტერესების გამტარებელია, რომელიც ჟურნალისტსა და ოპერატორზე განხორციელებული ანგარიშსწორების საქმეს უკვე 6 თვეა, რაც არ იძიებს. 

"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი დარწმუნებულია, რომ მარეგულირებელის გადაწყვეტილება გარკვეული პრეცედენტების შექმნას ისახავს მიზნად: 

ასეთი განხილვა ახალია, ახალი რეგულაციებით და დათქმებით. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია , რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული მარეგულირებელი კომისიის მხრიდან.

  ქალბატონი ნათია გვასწავლიდა ჟურნალისტიკის არსს -  არ ვიცი, თქვენ ჟურნალისტიკის შესახებ ვინ გიამბოთ, ქალბატონო ნათია, მაგრამ ჟურნალისტიკა, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ ჟურნალისტებმა თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში უნდა იმუშაონ. თქვენგან და თქვენი პარტიისგან ჩვენ ჟურნალისტიკა არ გვესწავლება, ეს კარგად დაიმახსოვრეთ! 

როდესაც  საფრანგეთის, ევროკავშირის წევრის მაგალითებზე საუბრობთ, საფრანგეთში და ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში არ კლავენ.

შეგახსენებთ, თქვენ იმ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენთ, რომელიც ახლა ცენზურის დაწესებას ცდილობს ჩემთვის. ამ ოთახში, ჩემს გვერდით ზის მაკა ჩიხლაძე - პირდაპირ ეთერში რომ კლავდნენ მას და ჩვენს ოპერატორს, ის საქმე დღემდე არავის გამოუძიებია.

დღეს თქვენ ამ გუნდს ადვოკატირებით, რომელიც ჟურნალისტის პირდაპირ ეთერში მკვლელობის მცდელობის საქმეს უკვე 6 თვეა არ იძიებს. მე აღარ წავალ შორს და ჯგუფური თავდასხმის ორგანიზატორებისა და თქვენი პარტიის კავშირებზე აღარ ვლაპარაკობ". - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

ცნობისთვის, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია "პირველის", "ფორმულას" და "მთავარი არხის" წინააღმდეგ მიმართული საჩივრები დასაშვებად ცნო და ამ წუთებში "ქართული ოცნების" საჩივრების არსებითი განხილვა მიმდინარეობს. 

  • საქმე ეხება “ქართული ოცნების” საჩივრები, რომელიც კომისიაში დარეგისტრირდა. პარტია ტელევიზიებისთვის სანქციების გამოყენებას მოითხოვს.

"ტვ პირველის" შემთხვევაში, ირაკლი კობახიძეს საინფორმაციო გამოშვების 14 ჩანაწერი და 5 ქარდი აქვს გასაჩივრებული. კონკრეტულად, "ქართული ოცნება" კრიტიკულ მედიას შემდეგი ტერმინების გამოყენებას ედავება - "ოლიგარქი";  "არალეგიტიმური ხელისუფლება"; "ოლიგარქის რეჟიმი"; "კლანის მსახური მოსამართლე" და ა.შ..

სხდომის პარალელურად, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან თავისუფალი მედიის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

მსგავსი სიახლეები