მედიაგარემოს გაუმჯობესება თქვენივე პარტიიდან დაიწყეთ - ნოდარ მელაძე “ოცნებას“
ტელეკომპანია "პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე „ქართულ ოცნებას“ ურჩევს, მედიაგარემოს გაუმჯობესება საკუთარი პარტიიდან დაიწყოს.
როგორც მელაძემ “ანა წერეთელის დღის ამბებში“ განაცხადა, პარტიის არცერთ წევრს არ გააჩნია ანგარიშვალდებულება კრიტიკული მედიის მაყურებლის მიმართ, რომ სტუდიაში მივიდნენ, დასხდნენ და თავისუფალი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხონ.
მელაძის თქმით, კანონში შემავალი მუხლი, რომლის თანახმად, მედიამ ბალანსი უნდა დაიცვას, “მკვდრადშობილი მუხლია“, რადგან ამავე კანონის ინიციატორი, რომელიც კანონის აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს უნდა პასუხობდეს, თავისუფალი მედიას საერთოდ არ პასუხობს.
“ქართულ ოცნებას“ მედიაგარემოს გაუმჯობესება მათივე პარტიიდან უნდა დაეწყო, რადგან მათი პარტიის არცერთ წევრს არ გააჩნია ანგარიშვალდებულება კრიტიკული მედიის მაყურებლის მიმართ, რომ აქ, ამ სტუდიაში მოვიდნენ, დასხდნენ და უპასუხონ თავისუფალი ჟურნალისტების კითხვებს.
ეს კანონი ითვალისწინებს თავის მხრივ, რომ მედიამ უნდა დაიცვას ბალანსი, უნდა იყოს ყველა პოზიცია წარმოდგენილი, რაც არის მკვდრადშობილი მუხლი, “ქართული ოცნების“ პირობებში, რადგან მე კი არ უნდა ვიჯდე აქ, აქ უნდა იჯდეს ამ კანონის ინიციატორი პარლამენტში და პასუხობდეს შენი, თავისუფალი ჟურნალისტის კითხვებს, რომელიც ამ კანონის აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებით გაგაჩნია, მაგრამ სად არიან, არ არიან. მე მაშინ დავუჯერებ კობახიძეს და “ოცნების“ სხვა წევრებსაც, რომ მათი მიზანია, შეიქმნას უკეთესი მედიაგარემო საქართველოში, როდესაც პირველი მათი პარტიიდან დაიწყებენ ამ ამბავს და გააჩენენ ანგარიშვალდებულებას, რომ უპასუხონ თავისუფალი მედიის ჟურნალისიტების კითხვებს. ჩვენი საპარლამენტო კორესპონდენტი, რომ მივა პარლამენტში, გაქცევის დროს, სირბილში რეკორდს კი არ დაამყარებენ, ან ჟურნალისტის ჩაგვრის და მისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში, არა, გაცნობიერებული ექნებათ, რომ მათი ანგარიშვალდებულებაა, კითხვებზე პასუხი გასცენ,- ამბობს ის.
TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის ხელმძღვანელი და "შაბათის ეთერის" წამყვანი გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის შექმნილ სირთულეებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მიუხედავად დიდი სურვილისა, ეთერში წარმოდგენილი იყოს ყველა მოპასუხე მხარე, კომენტარების მოპოვებაზე წარმოუდგენელი რესურსის ხარჯვა უწევთ და ზოგჯერ, მომზადებული გამოძიების გაშვებასაც ვერ ახერხებენ დროულად.
ჩვენ, იმის გამო, რომ ჩვენი რეალური სურვილია, ჩვენს ეთერში წარმოდგენილი იყოს ყველა მოპასუხე მხარე, წარმოუდგენელი რესურსის ხარჯვა გვიწევს იმისთვის, რომ მათი კომენტარები მოვიპოვოთ. ახლა მაკა ჩიხლაძე და მაკა ანდრონიკაშვილი ამზადებენ 2 სავარაუდო კორუფციულ ფაქტთან დაკავშირებით, 2 ჟურნალისტურ გამოძიებას, ანდრონიკაშვილის გამზადებული გამოძიება წინა კვირაში ვერ გავიდა ეთერში, რადგან მაღალი რანგის თანამდებობის პირი უნდა ვეძებოთ ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო, კაფე-კაფე, რადგან არ გაძლევს ინტერვიუს და როგორც იქნა, სამი დღე და ღამე, მის სადარბაზოსთან გათენების შემდეგ მოიპოვა მისი ინტერვიუ. არც ჩვენ გვეხალისება დილის 6 საათზე ადგომა და წინ და უკან სირაული, რომელ კაფესა თუ რესტორანში არიან. დაიწყოს „ქართულმა „ოცნებამ“ მედიაგარემოზე ზრუნვა მათი პარტიიდან, მათი მინისტრებიდან და მაღალი თანამდებობის პირებიდან, რათა მათ გაუჩინოს ანგარიშვალდებულება, რომ თუ კითხვა გააჩნია, ლეგიტიმური, ჟურნალისტს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, მაშინ ამ კითხვებზე უპასუხონ და მე მათ დავუჯერებ, რომ ამ კანონის, რომელიც მიიღეს და რომლის აღსრულებაც მიდის, მიზანია, არა ცენზურის დაწესება, არამედ მედიაგარემოს გაუმჯობესება,- განაცხადა მელაძემ.
ცნობისთვის, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია "პირველის", "ფორმულას" და "მთავარი არხის" წინააღმდეგ მიმართული საჩივრები დასაშვებად ცნო და ამ წუთებში "ქართული ოცნების" საჩივრების არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
- საქმე ეხება “ქართული ოცნების” საჩივრები, რომელიც კომისიაში დარეგისტრირდა. პარტია ტელევიზიებისთვის სანქციების გამოყენებას მოითხოვს.
"ტვ პირველის" შემთხვევაში, ირაკლი კობახიძეს საინფორმაციო გამოშვების 14 ჩანაწერი და 5 ქარდი აქვს გასაჩივრებული. კონკრეტულად, "ქართული ოცნება" კრიტიკულ მედიას შემდეგი ტერმინების გამოყენებას ედავება - "ოლიგარქი"; "არალეგიტიმური ხელისუფლება"; "ოლიგარქის რეჟიმი"; "კლანის მსახური მოსამართლე" და ა.შ..
სხდომის პარალელურად, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან თავისუფალი მედიის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.