ევროსაბჭოს განგაშის სიგნალი აქამდეც უნდა ჩაერთო - გელა მთივლიშვილი
"მთის ამბების" რედაქტორი გელა მთივლიშვილი მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს ჟურნალისტების დევნასთან დაკავშირებით განგაშის სიგნალი ჯერ საპროტესტო აქციების დარბევის დროს უნდა ჩაერთო, სადაც არაერთი ჟურნალისტი დაზარალდა.
საქმე ეხება ევროსაბჭოს განცხადებას, სადაც მან 6 ქართველი ჟურნალისტის წინააღმდეგ დაწყებული დევნა დაგმო.
ეს განგაშის სიგნალი, მე ვფიქრობ, რომ აქამდეც უნდა ჩაერთოთ, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევის პერიოდში განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობოდნენ თქვენ ჟურნალისტებს, სხვა ჟურნალისტებს, ჩვენს კოლეგებს. ამ სიმძიმის მიუხედავად, ასეთი ფაქტების მიუხედავად, ევროპის საბჭოს შესაბამისმა პლატფორმამ კიდევ უფრო საგანგაშოდ მიიჩნია, როდესაც რეჟიმი ცდილობს, ჩაერიოს ადამიანების, საჯარო პირების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, აქტივისტების გამოხატვის თავისუფლებაში, რომელიც მნიშვნელოვნად არის დაცული როგორც ჩვენი კონსტიტუციით, ასევე ევროპული კონვენციით, - ამბობს გელა მთივლიშვილი.
ევროპის საბჭომ ექვსი ქართველი ჟურნალისტის- ვიკა ბუკიას, ეკა მიშველაძის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ვახო სანაიას, მიშა მშვილდაძის და დეა მამისეიშვილის დევნის შესახებ ოფიციალური შეტყობინება გამოაქვეყნა.
ევროპის საბჭოს შეფასებით, აღნიშნული დევნა წარმოადგენს საფრთხეს სიტყვის თავისუფლებისთვის საქართველოში.
პლატფორმაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ის სიძულვილის ენასა და ძალადობის წახალისებას ეხება.