"ანატოლი გიგაურის ხმა გავიგე პოლიციელების მისამართით, რატომ მირტყამ, რატომ დამარტყი" - მიხეილ რამიშვილი
ანატოლი გიგაურის საქმე - მოწმის სახით გამოკითხული მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებისას, გაიგონა პოლიციელების მისამართით გიგაურის ნათქვამი: „რატომ მირტყამ, რატომ დამარტყი“.
რამიშვილმა დღეს სასამართლოს უთხრა, რომ დაინახა, "გიგაურის მიერ მოქნეული ხელი, თუმცა, მოხვდა თუ არა პოლიციელს ხელი, მას არ დაუნახავს".
მისი შეფასებით, "გიგაურის ქმედება პოლიციელის მიმართ უფრო ხელით მოშორებას ჰგავდა".
რამიშვილმა ასევე სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ პოლიციელები და ანატოლი გიგაური ერთმანეთს განარიდეს, სინდისის პატიმარი მაშინ არავის დაუკავებია და მან პარლამენტისკენ განაგრძ გზა.
- მიხეილ რამიშვილი პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას შეესწრო. ის დაცვის მხარის მოწმე იყო და სწორედ ამით დაასრულა ადვოკატმა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა.
„გაკვირვებული ვიყავი, რომ ჯიკაობის პროცესში პოლიციის ორი თანამშრომელი იყო ჩართული.
პოლიციელის მხრიდან მოწოდება, რომ [გიგაური] შეჩერებულიყო, არ გამიგია და არც გიგაურს უცდია მიმალვა",- განაცხადა რამიშვილმა.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ანატოლ გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.