მელია ამბობს, რომ წყლის შესხმა ერთგვარი პროტესტის ფორმა იყო, რადგან მოსამართლემ მისი განმარტება არ მოისმინა- კონდახაშვილი
ნიკა მელიას ახალი ბრალი წარედგინა-წულუკიანის კომისაზე არ მისვლის გამო, ციხეში გაშვებულ პოლიტიკოსს ამჯერად მოსამართლისთვის წყლის შესხმას ედავებიან.
მელიას ადვოკატი, რომელიც ბრალის წარდგენის დროს ციხეში იმყოფებოდა, ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ წყლის შესხმა იყო პროტესტის ფორმა და მოსამართლე შვანგირაძე ამას იმსახურებდა.
კონდახაშვილის თქმით, მელიას აზრით, “მოსამართლე იყო ერთ-ერთი ფიგურანტი იმ უკანონო კრიმინალური ქმედებების, რომელიც მის ირგვლივ განხორციელდა და მას ერთი სული ჰქონდა, საქმე პატიმრობით დაემთავრებინა.“
ნიკას ბრალდება წარედგინა 366-ე მუხლის, მეორე ნაწილით, რაც მოსამართლის შეურაცხყოფას გულისხმობს. ნიკას პოზიციიდან გამომდინარე, მოსამართლე, ისევე როგორც პოლიციის წარმომადგენლები, ჩართული იყვნენ ერთიან უკანონო კრიმინალურ ჯაჭვში, რაც დაკავშირებული იყო მის უკანონო გატაცებასთან, შემდგომ, მასთან მიმართებით არაერთ უკანონო ქმედებასთან, დაახლოებით, 2 კვირაზე მეტი გავიდა ნიკას გატაცებიდან და არც გამოძიება დაუწყიათ, არცერთი დოკუმენტი, დაცვის მხარეს, აღნიშნულ დაკავებასთან დაკავშირებით, არ გადმოგვცემია. სასამართლოში აღნიშნული საქმე არ მიიტანეს, ცალსახაა, რომ სახეზეა უკანონო გატაცება პოლიტიკური ლიდერის და ამაზე სახელმწიფო არ რეაგირებს. ნიკა მელიას აზრით, მოსამართლე იყო ერთ-ერთი ფიგურანტი ამ უკანონო კრიმინალური ქმედებების, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, დაემთავრებინა საქმე პატიმრობით, ყურად არ იღო არცერთი ის განმარტება, რაც ბრლდებულმა მას მოახსენა და წყლის შესხმა ეს იყო ერთგვარი პროტესტის ფორმა,- განაცხადა კონდახაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა- მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურის ინფორმაციით, მელიას ბრალად სასამართლოს უპატივცემულობა ედება, რაც მოსამართლის შეურაცხყოფით გამოიხატება.
უწყების ცნობით, ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.