წინა სხდომაზე მარიამ ლაშხურად, თავქუდმოგლეჯილი გავარდით, მომატყუეთ... - ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

20.06.25 15:58
წინა სხდომაზე მარიამ ლაშხურად, თავქუდმოგლეჯილი გავარდით, მომატყუეთ... - ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებულ ნიკა კაციას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სინდისის პატიმარმა გამოსვლა მოსამართლისთვის მიმართვით დაიწყო და ის შერჩევით სამართალში ამხილა.

კაციას აინტერესებდა, რატომ არ მისცა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას უფლება, რომ წინა სხდომიდან მათე დევიძისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინა. 

„უკაცრავად, სანამ დაიწყებთ, მინდა, რომ გითხრათ წინა სხდომის შესახებაც, როცა მარიამ ლაშხურად, თავქუდმოგლეჯილი გავარდით, მომატყუეთ... რის გამოც, იძულებულები გახადეთ ბატონები, რომლებიც დამყვებიან უკვე მერამდენე პროცესია, გამოეყენებინათ პროპორციული ძალა. როცა გთხოვეთ, რომ 30-წამიან მიმართვაზე იყო საუბარი, მაინც ხომ მიხვდით, რაც არ უნდა გვასისხლიანოთ, გვირტყათ, გავრილოვის ჩამომთრევებმა რაც არ უნდა აკეთონ, ხომ ხვდებით, რომ მედიას ვერ აჩუმებთ. რადგან ჟურნალისტი ვარ, გეშინიათ ამ მართალი სიტყვის, თავისუფალი სიტყვის?
მე ვითხოვე, რომ მომცემთ-მეთქი სიტყვას? და თქვენ მიპასუხეთ... ეს წივილ-კივილი არ მომწონს. თან მერე ვუყურებ, როცა მივდივარ. რა ვიცი, ეგეთი აგრესიული არ ჩანხართ „ადნაკლასნიკებზე“ და რაღა ჩემს პროცესზე გინდებათ ხოლმე ეს ძალიან ცუდად მოქცევა“. - უთხრა კაციამ მოსამართლეს.

ცნობისთვის, ნიკა კაციამ წინა სასამართლოზე სიტყვა სინდისის პატიმრის, მათე დევიძისადმი სოლიდარობის გამოცხადებით დაიწყო, თუმცა მას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა, უთხრა, რომ სხდომის შემდეგ მისცემდა საუბრის დასრულების შესაძლებლობას, თუმცა როცა სხდომა დასრულდა ნიკა კაცია საბადრაგო სამსახურმა დარბაზიდან გაიყვანა,  აღნიშნულ ფაქტს ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც სინდისის პატიმარი უკან დააბრუნეს.

  • შეგახსენებთ, რომ ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
  • აღნიშნული მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები