არავინ გაბედოთ ნერვიულობა, გააგრძელეთ ბრძოლა ჩემთვის და ჩემს მაგივრად-ნინო დათაშვილის წერილი
სამოქალაქო აქტივისტმა, ნინო დათაშვილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ, საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, წინასწარი დაკავების იზოლატორში წერილი დაწერა, სადაც საზოგადოებას პროტესტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
წერილში, რომელიც მან საკუთარ ადვოკატს გამოატანა, დათაშვილი წერს, რომ “ნერვიულობა არავინ გაბედოს, უბრალოდ ბრძოლა მის ნაცვლად გააგრძელონ“.
არავინ გაბედოთ ნერვიულობა, გააგრძელეთ ბრძოლა ჩემთვის და ჩემს მაგივრად. ჩემი დაკავება მოხდა 20 ივნისს, პროტესტის დემორალიზებისთვის, გთხოვთ, ნაკლები აჟიოტაჟი, მეტი პროტესტი, დღეს ყველანი რუსთაველზე. მოძებნეთ საბჭოთა საქართველოს დროს დაპატიმრებული და რეპრესირებული მასწავლებლები და სხვები და გააზიარეთ. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს,- წერს დათაშვილი.
აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დღეს დააკავეს.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დათაშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, მისი წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.