დაპატიმრებულ ნიკა მელიას, პატიმრობა მეორედ შეუფარდეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
როგორც ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, არსებობს რისკი, რომ ნიკა მელია მიიმალოს, ახალი დანაშაული ჩაიდინოს და მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს, რომელსაც ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი არ დაეთანხმა, რადგან, მისი თქმით, წარმოუდგენელია უკვე პატიმრობაში მყოფმა ნიკა მელიამ, პროკურორის მიერ გაჟღერებული ვარაუდები განახორციელოს.
სასამართლო პროცესს თავად ბრალდებული ნიკა მელია არ დასწრებია.
პროკურორ მედეა ცირამუასგან "პირველები" დღეს დაინტერესდა, არის თუ არა დაწყებული ნიკა მელიას გატაცების საქმეზე გამოძიება. უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა, რაც ოპოზიცონერი ლიდერი გაიტაცეს და დააკავეს. პროკურორმა საპასუხოდ თქვა, რომ ამ საკითხზე მას ინფორმაცია არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი 30 მაისს შეასხა. აღნიშნული მაშინ მოხდა, როცა ნიკა მელია მოსამართლეს მიმართავდა შემდეგი სიტყვებით, რომ „ის არის დავალების შემსრულებელი და რომ ის, როგორც მოსამართლე არ დაინტერესებულა, თუ რატომ დააკავეს უკანონოდ“.