ჩამოვიდეს და ავუხსნით, რა სჭირს გელათს - სპეციალისტები თინათინ რუხაძეს ტყუილის გავრცელებაში ამხელენ

21.06.25 12:35
ჩამოვიდეს და ავუხსნით, რა სჭირს გელათს - სპეციალისტები თინათინ რუხაძეს ტყუილის გავრცელებაში ამხელენ

"ქართული ოცნების" მთავრობის კულტურის მინისტრს სამოქალაქო აქტივისტები დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ - მოქალაქეები, რომლებიც გელათის ბედით არიან დაინტერესებულები, ამბობენ, რომ თინათინ რუხაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ გელათს საფრთხე აღარ ემუქრება, "სამარცხვინო ტყუილია". 

თინათინ რუხაძის ნათქვამს, რომ ტაძარს დროებითი გადახურვა უკვე გაუკეთეს და კომპლექსი ახლა დაცულია, თორნიკე ბარათაშვილი არ იზიარებს და მეტიც, აქტივისტი კობახიძის მთავრობის კაბინეტში მომუშავე მინისტრს კომპეტენციას უწუნებს. 

თორნიკე ბარათაშვილი "პირველებთან" აცხადებს, რომ გელათის ტაძარზე არათუ გადახურვა არის გაკეთებული, არამედ გუმბათიც კი მიტოვებულია და უხარისხო კრამიტის იმედად არის დარჩენილი. 

ასეთი არაკვალიფიციური, დაბალი კომპეტენციის და უბრალოდ საყველპურო საუბარი გელათზე არის ძალიან სამარცხვინო, მათ შორის იმ ე.წ. ხელისუფლების მხრიდან, რომლებიც ვერცერთ სფეროში, ვერცერთი მიმართულებით კვალიფიკაციას ვერ ავლენენ. ამ ქალის ამბიციიდან გამომდინარე, ოდნავ მეტი ინფორმაცია უნდა მოეპოვებინა, ვიდრე ასეთ ალმასისებრ ტყუილს იტყოდა საკუთარი მრევლის თუ სექტის საკვებად. ერთხელ მაინც მოვიდეს მინისტრი რუხაძე გელათში და ავუხსნით, რა სჭირს გელათს. 

დღეის მდგომარეობით, არათუ გადახურვა არის გაკეთებული, გუმბათი მიტოვებულია. აფრები დატოვეს უხარისხო კრამიტის იმედად. უამრავჯერ იწვიმა მას შემდეგ, რაც მოხსნეს აფრებზე დროებითი თუნუქის გადახურვა. ვიცით, რომ გასული წლის ივნისიდან მოხსნილია საკურთხეველზე ასევე თუნუქის გადახურვა და ზამთრის განმავლობაში თოვლი დავაფიქსირეთ, რაც ადასტურებს იმ რისკებს, რომ მოზაიკის მდგომარეობის დამძიმებას უწყობს ეს ყველაფერი ხელს". - განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა. 

ცნობისთვის, თინათინ რუხაძემ "იმედისა" და "რუსთავის 2-ის" ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ გელათის ისტორიულ სამონასტრო კომპლექსს საფრთხე აღარ ემუქრება. მისი მტკიცებით, ტაძარს დროებითი გადახურვა უკვე გაუკეთეს და კომპლექსი ახლა დაცულია. 

 

მსგავსი სიახლეები