საქალაქოში ნინო დათაშვილის პროცესი იმართება - ცნობილია, რა შუამდგომლობით მიმართავს პროკურორი მოსამართლეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინო დათაშვილის პროცესი დაიწყო - დღევანდელ სხდომაზე პროკურორი მოსამართლე ეკა ბარბაქაძეს შუამდგომლობით მიმართავს და მოითხოვს, რომ აღკვეთი ღონისძიების სახედ მასწავლებელს პატიმრობა შეეფარდოს.
ნინო დათაშვილის უფლებადამცველმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე "პირველებთან" განაცხადა, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა "ზერელე, აბსტრაქტული ფაქტებიდან და ვარაუდებიდან გამომდინარე ითხოვს". ადვოკატ თამარ გაბოძეს თქმით, "ზოგადი ფაქტებით ადამიანის უფლებებში და თავისუფლებებში ჩარევა" სტანდარტებს სცდება.
ამ შემთხვევაში, არის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესი. როგორც მოსალოდნელი იყო, პროკურატურა ითხოვს ნინოს დაპატიმრებას. არცერთი მტკიცებულება და გარემოება არ არსებობს ისეთი, რომლის გამოც შეიძლებოდა, რომ ნინოსთვის შეეფარდებინათ დაკავება და შემდეგ შესაძლოა სასამართლომ შეუფარდოს პატიმრობა, რადგან ზერელე, აბსტრაქტული ფაქტებიდან, ვარაუდებიდან გამომდინარე ითხოვს პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას. არსებობს სახელმძღვანელო სტანდარტები, სადაც მითითებულია, რომ არ შეიძლება ზედაპირული და ზოგადი ფაქტებით ადამიანის უფლებებში და თავისუფლებებში ჩარევა". - განაცხადა თამარ გაბოძემ.
აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, 20 ივნისს დააკავეს. აქტივისტსა და მასწავლებელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას ედავებიან, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარასა და ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.