ჩემი დაკავების დროს ფორმა არცერთს ეცვა, გამომგლიჯეს ხელიდან ტელეფონი და მანქანაში მოტყუებით ჩამსვეს - ნინო დათაშვილის სიტყვა სასამართლოზე
აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებამდე, ნინო დათაშვილმა სიტყვის თქმის უფლება გამოიყენა - მასწავლებელმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მისი დაკავების დეტალები ქრონოლოგიურად გაიხსენა და თქვა, რომ ხელბორკილები სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა დაადეს.
განსასჯელის სკამიდან ნინო დათაშვილმა განაცხადა, რომ იგი თბილისში მდებარე ერთ-ერთ გაჩერებაზე აიყვანეს, მანქანაში მოტყუებით ჩასვეს, ტელეფონი წაართვეს და შვილთან დარეკვის შესაძლებლობა არ მისცეს.
"მომადგა ფსიქოლოგიური სტრესი" - თქვა ნინო დათაშვილმა და ასევე აღნიშნა, რომ მისი დამკავებელი პოლიციელები ცინიკური დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ.
როცა დამაკავეს, ფორმა არ ეცვა არავის. არ წარმიდგინეს თავი. დაკავებამდე წამართვეს ტელეფონი. იყო ბევრი ხალხი. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ვიდექი გაჩერებაზე, სამარშრუტო ტაქტს ველოდებოდი და გამომგლიჯეს ხელიდან ეს ტელეფონი. დაკავების პროცესში ჩემთვის ბრალი არ წარუდგენიათ. მოტყუებით ჩამსვეს მანქანაში, მეუბნებოდნენ, დაგარეკინებთო და არ დამარეკინეს შვილთან. მე მომადგა ფსიქოლოგიური სტრესი. გოგონა, რომელიც მე მეზობელი მეგონა, იღებდა ტელეფონით და აღმოჩნდა პოლიციელი ამ დაკავების ჯგუფიდან. ჩემ მიმართ ცინიკური დამოკიდებულება ჰქონდა." - განაცხადა ნინო დათაშვილმა.
მასწავლებელ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე დათაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო ბრალდება ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 20 000-ლარიანი გირაოსა და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას შუამდგომლობდა.
ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, 20 ივნისს დააკავეს. მასწავლებელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას ედავებიან, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარასა და ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.