ნინო დათაშვილის საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ მანდატურებმა მასწავლებელს შენობა "პროპორციული ძალის გამოყენებით" დაატოვებინეს

21.06.25 17:28
ნინო დათაშვილის საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ მანდატურებმა მასწავლებელს შენობა "პროპორციული ძალის გამოყენებით" დაატოვებინეს

ნინო დათაშვილის საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა მასწავლებელს "პროპორციული ძალის გამოყენებით დაატოვებინეს".

საქმის პროკურორის რწმუნებით, ვიდეოჩანაწერებში მანდატურების მხრიდან ნინო დათაშვილზე განხორციელებული "ძალადობის ფაქტი არ იკვეთება". 

არადა, სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერები და ფოტოები, საიდანაც ირკვევა, რომ მანდატურები ნინო დათაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ათრიეს.

შეგახსენებთ, მასწავლებელ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა. 

დღევანდელ სხდომაზე დათაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო ბრალდება ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 20 000-ლარიანი გირაოსა და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას შუამდგომლობდა.

ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, 20 ივნისს დააკავეს. მასწავლებელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას ედავებიან, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარასა და ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები