პროკურორმა უდანაშაულობის პრეზუმფცია არაერთხელ დაარღვია - ნინო დათაშვილის ადვოკატი
პროკურორმა უდანაშაულობის პრეზუმფცია არაერთხელ დაარღვია, - ამის შესახებ ნინო დათაშვილის უფლებადამცველმა, თამარ გაბოძემ მასწავლების სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.
ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე საქმის პროკურორი ფაქტებს საკუთარ ინტერპრეტაციას სძენდა და ნინო დათაშვილს ადანაშაულებდა, რომ თითქოს, ის საზოგადოებისთვის საშიში ადამიანი იყო.
ადამაინებს შეუძლიათ, რომ ინტერპრეტაცია მისცენ ფაქტებს, მაგრამ კამერების ჩანაწერებს ვერანაირ ინტერპრეტაციას ვერ მისცემს ვერავინ მიუხედავად იმისა, რომ მთელი სასამართლო პროცესი პროკურატურა აძლევდა ინტერპრეტაციას ფაქტებს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ფაქტობრივად, პროკურატურამ ნინო დათაშვილი დასაჯა, გამოუატანა ბრალი. არაერთხელ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია. პროკურატურის მხრიდან იყო ნინოს დადანაშაულება, რომ თითქოს, ის არის საზოგადოებისთვის საშიში ადამიანი და მოძალადე. არცერთი არგუმენტი და ფაქტი არ დაუსახელებია პროკურატურას, რომ ნინო უნდა დარჩენილიყო პატიმრობაში". - განაცხადა თამარ გაბოძემ.
შეგახსენებთ, მასწავლებელ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე დათაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო ბრალდება ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 20 000-ლარიანი გირაოსა და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას შუამდგომლობდა.
ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, 20 ივნისს დააკავეს. მასწავლებელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას ედავებიან, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარასა და ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.