რომეო მიქაუტაძე პატიმრობაში გაუშვეს

“ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსანი, ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას სთავაზობდა.
რომეო მიქაუტაძე ამტკიცებს, რომ მას არანაირი დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონია.
24 წელი მაქვს ჩემი საქმიანობის წარმატებული კარიერა, სხვადასხვა პოზიციებზე, როგორც მოგახსენეთ, მაქვს უმაღლესი სასწავლებელი დამთავრებული წარჩინებით, მყავს ოჯახი, ვარ ღირსების ორდენოსანი, და ჩემი მხრიდან რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების განზრახვა არ მქონია, არც მაქვს და არც მექნება მომავალში.
დარწმუნებული ვარ, სასამართლოს სიჯანსაღეში და ეს ყველაფერი იქნება შეჯიბრებითობაზე დაფუძნებული, რაშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ გამაჩნია" - თქვა მან გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.
საქმის მასალების მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.