საქალაქო სასამართლოში გივი თარგამაძის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ.
სასამართლო პროცესს ესწრება თავად თარგამაძეც. პოლიტიკოსის ადვოკატი ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვის ექნება გირაო გადახდილი და ვის არა, რადგან აღკვეთის ღონისძიება, სასჯელის ზომასთან არანაირი კავშირში არ არის.
ის რომ ვიღაცას გირაო აქვს გადახდილი, ვიღაცას კი არა და ამის გამო სასჯელები იქნება განსხვავებული, სამართლებრივი თვალსაზრისით უფასური არგუმენტია, რადგან აღკვეთის ღონისძიება, სასჯელის ზომასთან არანაირი კავშირში არ არის. შესაბამისად, თუ განსხვავებული სასჯელები იქნა, ეს არის ოლიგარქის კიდევ ერთი ტრიუკი, ალბათ, შეეცდება, განხეთქილება ჩამოაგდოს პოლიტიკურ ფიგურებს შორის, რომ ვიღაცის დაჭერა-არ დაჭერაზე ეჭვები გაჩნდეს, რაიმე ხომ არ დგას ამ გადაწყვეტილების უკან,-განაცხადა ბექა ბასილაიამ.
გამოაცხადებს თუ არა მოსამართლე გალუსტაშვილი საბოლოო გადაწყვეტილებას თარგამაძის საქმეზე, ჯერჯერობით, უცნობია.
გივი თარგამაძე პარლამენტში, წულუკიანი კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა.
აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.