მზია ამაღლობელის ადვოკატი: „ერთ თვალში მხედველობა აქვს 10%, მეორეში – 0,4 %“

23.06.25 16:45
მზია ამაღლობელის ადვოკატი: „ერთ თვალში მხედველობა აქვს 10%, მეორეში – 0,4 %“

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაპატიმრების შემდეგ გაუარესებულია - ამის შესახებ ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„ვივამედში“ 6 თებერვალს ჩატარებული კვლევის თანახმად, მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა 10%-მდე შეუმცირდა. 

სათვალით კორექციის შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ 40 %-მდე. მაშინ, როდესაც დაკავებამდე ფორმა 100-ით, სათვალის შემთხვევაში ჰქონდა მას შანსი 90 %-მდე გაეზარდა.

ახლა ამის შანსი აღარ აქვს. ხოლო მარცხენა თვალში მისი მხედველობა გახლავთ 0,04 %. შესაბამისად, მზია ამაღლობელის მარცხენა თვალის გარჩევადობა ფაქტობრივად სინათლე-სიბნელის ტოლია“, - აღნიშნა უფლებადამცველმა.

განახლება:  ადვოკატმა დღევანდელი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქმეში მზია ამაღლობელის მხედველობასთან დაკავშირებით არაერთი კვლევა დევს, თუმცა ის მოსამართლემ  არ გაითვალისწინა. 

მხედველობასთან დაკავშირებით ახალი ამბავი არ არის. ვისაც აინტერესებს, არის საქმის მასალებში. პირველი დღიდან მზიას მხედველობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა აქვს, დაკავებამდეც ჰქონდა. დაკავების მერე მისი მხედველობა კიდევ უფრო გაუარესდა.

თვალზე ჩატარებული ბოლო კვლევით, ერთ თვალში დაახლოებით 10% აქვს მხედველობა, ხოლო მეორე თვალში 0,04%-ია მხედველობა. თუ,მანამდე 30% ჰქონდა და შანსი ჰქონდა, სათვალით გაზრდილიყო მისი მხედველობა 90%- ზე, ახლა იმ თვალში მხედველობა დაკლებულია. სათვალით შანსი აქვს, ერთ თვალში გაზარდოს 40%-მდე, მაგრამ მეორე თვალის მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, - განაცხადა მწარიაშვილმა.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა გადაისინჯა.

ადვოკატის შეფასებით, „შეურაცხმყოფელიც არის ამ პროცესში მონაწილეობა".

ყველაზე კარგად მზია ამაღლობელმა უთხრა სასამართლოს: „მე არ ვითხოვ გულმოწყალებას, მოიქეცით ისე, როგორც სამართალი და სინდისი გიკარნახებთო“. სამწუხაროდ, მხოლოდ სინდისის იმედად რომ ვერ ვართ ჩვენს მართლმსაჯულებაში, ამაში ეჭვი არავის ეპარება“, - განაცხადა მწარიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები