"ოცნება“ სიტყვის თავისუფლების კანონში ცვლილებებს გეგმავს - რა წერია კანონპროექტში
"ქართული ოცნება" სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონს ცვლის - შესაბამისი კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა.
ცვლილება ცილისწამების განმარტებაში:
- პროექტის მიხედვით, ცილისწამება განისაზღვრება როგორც „არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება“. მოქმედ კანონში ასევე ეწერა, რომ ასეთი განცხადება პირისთვის ზიანის მიმყენებელი უნდა იყოს — ეს ნაწილი ახალ ვერსიაში გაუქმებულია.
შეურაცხყოფა საჯარო სივრცეშიც დასჯადი ხდება:
- სიტყვიერი შეურაცხყოფის რეგულირება საზოგადოებრივ სივრცეშიც გავრცელდება - პასუხისმგებლობა გაიზრდება საჯაროად გამოთქმულ, კანონპროექტის ავტორების შეფასებით, უხამს, დამამცირებელ ან ღირსების შემლახავ ფრაზებზე.
"ქართული ოცნება" კანონის რამდენიმე მუხლს აუქმებს:
- ჩანაწერები, რომლებიც იცავდა გამოხატვას მაშინაც კი, როცა ის ეხებოდა კერძო ცხოვრებას, პროფესიულ საიდუმლოებებს ან იყო საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი, გაუქმდება. პროექტის ტანახმად, მოპასუხის მხრიდან ინფორმაციის წყაროს არგამხელა აღარ ჩაითვლება კანონიერ პოზიციად და შეიძლება გამოიწვიოს სასამართლოს მიერ მის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღება.
იცვლება მტკიცების ტვირთი:
- ცილისწამების საქმეში მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე – მოქალაქეს თუ საჯარო პირს რომ უჩივიან, ის ვალდებული იქნება დაამტკიცოს, რომ მისი განცხადება არ შეიცავდა მცდარ ფაქტს.
- თუმცა, თუ მოპასუხე დაამტკიცებს, რომ მისი მოქმედება კეთილსინდისიერი იყო, შესაძლოა პასუხისმგებლობა აღარ დაეკისროს.
წაიშლება ჟურნალისტებისთვის გათვალისწინებული დაცვის მექანიზმები:
- კანონიდან იშლება მუხლი, რომელიც ჟურნალისტებს ან სხვა პირებს იცავდა ცილისწამების ბრალდებისგან, თუ ისინი მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად, იცავდნენ საზოგადოებრივ ინტერესს ან უბრალოდ პასუხობდნენ საჯარო ბრალდებას.
ზიანის ანაზღაურება მკაცრდება:
- თუ სასამართლო ჩათვლის, რომ ცილისწამებით მიყენებული ზიანი უარყოფით ან ბოდიშით ვერ ანაზღაურდება, მოპასუხეს შესაძლოა დაეკისროს ფინანსური კომპენსაცია — როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანისთვის.