"წამება უნდა დასრულდეს" - სოლიდარობის აქცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან საპროტესტო აქცია იმართება - კარლო კაციტაძის უწყებასთან ის ახალგაზრდები შეიკრიბნენ, რომლებიც ალან ყაყიტაშვილს სოლიდარობას უცხადებენ და ფიქრობენ, რომ დაკითხვის პროცესში ადამიანის წამება ამორალურია.
მოქალაქეებმა ადგილზე საპროტესტო ბანერებიც მიიტანეს, წარწერით - "წამება უნდა დასრულდეს".
პროტესტის რეჟიმში გადასულმა ადამიანებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობის ნაწილს ყვითელი ლენტი შემოარტყეს. მათივე განმარტებით, აღნიშნული პერფორმანსი იმის დემონსტრირებაა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში უწყებაში არაერთი საქმე შევიდა, თუმცა კარლო კაციტაძის უწყება საქმეებს ამ დრომდე არ იძიებს.
აწამეს ადამიანი დაკითხვის პერიოდში, რაც არის სრულიად ამორალური პოლიციის მხრიდან. მათგან სამართალს ვერ მოვითხოვთ, რადგან ბიძინა ივანიშვილის პოლიციაა. იდენტიფიცირება უნდა მოხდეს ყველა იმ პოლიციელის, ვინც იყო ჩართული ალან ყაყიტაშვილის წამებასა და მკვლელობაში და ყველა უნდა დაისაჯოს ისე, როგორც საჭიროა". - განაცხადა მოქალაქემ.
შეგახსენებთ, მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ალან ყაყიტაშვილი, პოლიციის შენობაში დაკითხვიდან, უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ალან ყაყუტაშვილთან ერთად დაკავებული ირაკლი ტატუნაშვილი ჰყვება, რომ ის პოლიციელებმა სასურველი ჩვენების მიღების მიზნით სასიკვდილოდ აწამეს.
ცნობისთვის, თბილისის მერიის ორი თანამშრომელი - ალან ყაყიტაშივლი და ირაკლი ტატუნაშვილი, პოლიციამ გურამიშვილის გამზირზე, 6 ივნისს მერიის თანამშრომლების ქეიფის დროს მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავა.
თბილისის მერიის თანაშრომელი პროცესზე ამტკიცებდა, რომ პოლიციამ წამების ყველა მეთოდი მის წინააღმდეგაც გამოიყენა.
მას შემდეგ, რაც ამბავი შაბათის ეთერის გამომძიებლებლმა ჟურნალისტებმა გაასაჯაროეს, ბრალდებულების გამოსაკითხად საპატიმროში კაციტაძის უწყების გამომძიებლები მივიდნენ, თუმცა მხოლოდ ერთი ბრალდებული გამოკითხეს და არ დაინტერესებულან დანარჩენი ორი ბრალდებულით. საუბარია სმო უსოაიანსა და დიმიტრი სადოევზე. აღნიშნული პირები საქმეზე ინფორმირებული პირები არიან.