რაჟდენ კუპრაშვილის უწყება ბენეფიციარების პერსონალურ მონაცემებს ISFED-ისგანაც ითხოვს

ანტიკორუფციული ბიურო ბენეფიციარებისა და პარტნიორების პერსონალური მონაცემებს „სამართლიანი არჩევნებისგანაც" ითხოვს.
ამის შესახებ ISFED წერს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, სასამართლოს ბრძანება გუშინ ოფიციალურად ჩაბარდათ.
"ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა სამართლებრივი დასაბუთების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს"- აცხადებენ "სამართლიან არჩევნებში" და ამბობენ, რომ მათი ბენეფიციარების პირად მონაცემებს უწყებას არ გაუგზავნიან.
ანტიკორუფციულმა ბიურომ „სამართლიან არჩევნებს“ ჩააბარა სასამართლოს ბრძანება ამ უწყების შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ, რომლითაც მოთხოვნილია 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით ორგანიზაციაში დაცული ფაქტობრივად სრული ინფორმაცია, მათ შორის ორგანიზაციის ბენეფიციარებისა და პარტნიორების კანონით დაცული პერსონალური მონაცემები. მსგავსი შინაარსის წერილები გასულ კვირას სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებმაც მიიღეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ და მის მიერ სრული კონტროლის ქვეშ მყოფი სახელმწიფო უწყებები აგრძელებენ ბოლო პერიოდში მიღებული ანტიკონსტიტუციური და არადემოკრატიული კანონების გამოყენებას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
⭕ ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა სამართლებრივი დასაბუთების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. ბიურო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“, ,,გრანტების შესახებ“ და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონების საფუძველზე ითხოვს ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციას, თუმცა სათანადოდ არ განმარტავს, რა საჭიროებას წარმოადგენს ამ ინფორმაციის მიღება. სასამართლოს ბრძანების საფუძველზე ორგანიზაციიდან გამოთხოვილი მონაცემები ათასობით ბენეფიციართან დაკავშირებით, ისევე, როგორც საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია, პროფესიულ საიდუმლოებას წარმოადგენს და მისი გაუმჟღავნებლობა დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.
📌 „სამართლიანი არჩევნები“ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს ორგანიზაციისა და ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად".- წერია გნაცხადებაში.
- ცნობისთვის, 17 ივნისს ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, 5 უფლებადამცველ ორგანიზაციას სასამართლოს ბრძანებები გადაეცათ. მესამე სექტორმა სასამართლოს განჩინების ნაწილი გაასაჯაროვა. დოკუმენტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს აინტერესებს გაიგოს, ვის და რატომ დაეხმარნენ მესამე სექტორის წარმომადგენლები.
- სასამართლოს განჩინება არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, ბენეფიციარების და აქტივობებში ჩართული პირების სახელსა და გვარს, პირად ნომრებსა და აქტივობების ამსახველ ვიდეო-ფოტო მასალების გადაცემას.
- ამის საპირწონედ, მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ აპირებენ სამართლებრივი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, „თუნდაც ამ გადაწყვეტილებას მათი დაპატიმრება მოჰყვეს“.